06 აგვისტო 2026,   22:48
ვრცლად
თბილისის ზოოპარკის დაჩქარებული წესით გადატანა და გამოთავისუფლებული რეკრეაციული სივრცე - კახა კალაძე გარემოს დაცვის ახალ პოლიტიკას აანონსებს

თბილისის მერის გარემოს დაცვის პოლიტიკა - კახა კალაძე, რომელიც მესამედ იყრის კენჭს, მომდევნო 4 წელიწადში მასშტაბურ პროექტებს აანონსებს.

ერთ-ერთი პირველი, რასაც მუნიციპალიტეტი არჩევნების შემდეგ გააკეთებს, ძველი ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაჩქარებული წესით გადატანაა. მის ნაცვლად დედაქალაქს ახალი, 25 ჰექტარ ფართობზე გაშლილი რეკრეაციული სივრცე ექნება, რომელიც მზიურის პარკს დაუკავშირდება. კიდევ ერთი ამბიციური გეგმა დიღმის ტყე-პარკის მოწყობაა, რომლის 200 ჰექტარი მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა და ქალაქს დაუბრუნა. კახა კალაძეს, თავის გუნდთან ერთად, დაგეგმილი აქვს ტყეების განახლება და დედაქალაქში, როგორც მინიმუმ, 64 ათასი მწვანე ნარგავის დარგვა.

ამ მიზნით და უკვე შემუშავებული სტრატეგიით, დედაქალაქის მერი მასშტაბურ პროექტებს აანონსებს. თბილისელებს ჰპირდება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოს პოლიტიკა იქნება. იხსენებს წინა ხელისუფლების პრაქტიკასაც და ამბობს, რომ პრაგმატული პოლიტიკით თბილისს ათეულობით ჰექტარი გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდა.

მომდევნო ოთხ წელში თბილისს დამატებით 200 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე ექნება. დიღმის ტყე-პარკი, რომელიც კერძო პირზე იყო გასხვისებული, მუნიციპალიტეტმა უკვე გამოისყიდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის 14 ჰექტარი გამწვანებული სივრცე მოეწყობა. დაგეგმილია რიყის და მუშტაიდის პარკების რეაბილიტაციაც.

თითქმის საუკუნის შემდეგ ადგილმდებარეობას შეიცვლის თბილისის ზოოპარკი - ზოოლოგიური პარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ 48 ჰექტარზე გაშენდება. ძველ ტერიტორიაზე კი 9 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება. დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის სრული განახლებაც.

დედაქალაქის მერის გეგმები მოისმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კახა კალაძემ განხორციელებული პროექტებით დედაქალაქის ტრანსფორმაცია შეძლო.

გაფართოვდება ის არეალი, სადაც ტყის მასივი მოვლა-პატრონობას საჭიროებს. მომდევნო ოთხ წელში ქალაქში 12 000 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი განახლდება.

დღის ამბები