ხმელთაშუაზღვის სანაპირო... მავრიტანული სტილის შუასაუკუნეების არქიტექტურა... ისტორიული ძეგლები, მრავალმილიონიანი იახტები და ლანდშაფტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ადამიანს იზიდავს. ეს მალაგაა - ესპანეთის საპორტო და საკურორტო ზონა.
ესტეპონა, პოლიგონი ნომერი 27 - "კურიერი P.S."-ის ინფორმაციით, სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელი სახლი. 252 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და იქვე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა. ანდალუსიის ავტონომიაში ძვირადღირებული შენაძენი ექსმინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში ვეძებეთ, თუმცა უშედეგოდ.
მინისტრი აღარ იყო, თუმცა როგორც ყოფილ თანამდებობის პირს, დეკლარაციის შევსება მაინც ევალებოდა. 2025 წლის 17 მარტს, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი მართლაც შეავსო, თუმცა ორი თვით ადრე მალაგაში ნაყიდი ძვირადღირებული სახლი დეკლარაციაში არ მიუთითა. ჩაწერა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 803 000 ლარად გაყიდა უძრავი ქონება საქართველოში. საუბარია წყნეთში, ნუშების დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სადაც სინამდვილეში ახლაც ბურჭულაძეების ოჯახი ცხოვრობს. კორუფციაში ბრალდებული ექსმინისტრი სასამართლოშიც ირწმუნებოდა, რომ სახლი, საიდანაც სამართალდამცველებმა აიყვანეს, გაყიდული აქვს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიურია და თავდაცვის ექსმინისტრმა ეს გარიგება უკანონო შემოსავლის შენიღბვის მიზნით მოიფიქრა. სქემა ანტიკორუფციულმა სამსახურმა გაშიფრა და ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის დაუსაბუთებელ ქონებასაც მიაგნო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა წყნეთში სწორედ იმ სახლში დააკავეს, რომელიც თითქოს ჯერ კიდევ 2024 წელს გაყიდა. იზოლატორის ნაცვლად, ჯუანშერ ბურჭულაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამომძიებლებს უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაშავდა, ტვინის შერყევა მიიღო და ექიმის რეკომენდაციით კლინიკაში მკურნალობას საჭიროებდა.
კლინიკიდან იზოლატორში გადაყვანილ ბურჭულაძეს ბრალის დადგენილება სუს-ის შენობაში გააცნეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ესპანეთში უძრავი ქონება სინამდვილეში არა წყნეთში სახლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით, არამედ კორუფციული გარიგების შედეგად შეიძინა. საუბარია თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებულ მილიონ 300 000 ლარზე მეტის ზიანზე.
პროკურორი განმარტავს იმ ფულის წარმომავლობას, რომლითაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ესპანეთში ქონება შეიძინა. გამოძიების ინფორმაციით, მაშინდელი მინისტრის ორგანიზებით და პირადი გამორჩენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ფასი ხელოვნურად გაზარდეს. 2 606 000 ლარად ღირებული ტომოგრაფიის აპარატი, დაახლოებით 4 მილიონ ლარად შეიძინეს. კორუფციულ სქემაში ჩართული იყო მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. კორუფციულ გარიგებას უარყოფს ამავე საქმეზე ჯერ კიდევ ივლისში დაკავებული მისი ცოლისძმა და თავდაცვის უწყების ორი ყოფილი მაღალჩინოსანიც. ადვოკატები ექსმინისტრის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ჯუანშერ ბურჭულაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა გამოძიებას შექმნოდა, თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა - ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.