ბავშვების ჟრიამული, ახალი ჩანთები, მობილიზებული პედაგოგები და მშობლები - ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2024-2025 სასწავლო წლისთვის განახლებულია სკოლის შენობების ნაწილი, ასევე აშენდა ახალი დაწესებულებები.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიულოცა.
"განათლების რეფორმა რჩება სახელმწიფოსა და ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად იმიტომ, რომ განათლებული, ჯანსაღი, სწორად აღზრდილი საზოგადოება არის ის პრიორიტეტი და სიძლიერე, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის და მომავლისთვის არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი.
ეს დღე ამაღელვებელია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. ეს არის ახალი გარემო, ახალი სივრცე, სადაც ისინი შეაბიჯებენ და ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებენ.
2086 საჯარო სკოლიდან მხოლოდ ხუთ სკოლაში ვიწყებთ დისტანციურად სწავლას, 4 სკოლაში კი, ერთი კვირის თავზე, როდესაც როდესაც ის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. უახლოესი დღეებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას", - განაცხადა გივი მიქანაძემ