07 აგვისტო 2026,   15:20
ვრცლად
"დონაციების შემდგომი ხარჯვის მიზნობრიობა გამოიყენებოდა იმ წესდების საწინააღმდეგოდ, რომელიც თავიდან ჰქონდათ გაცხადებული" - პროკურატურაში ნიკა გილაურის ფონდის დირექტორის გამოკითხვა დასრულდა

პროკურატურაში ნიკა გილაურის ფონდის, "ფროსფერითის" დირექტორის, ჯაბა გაბუნიას გამოკითხვა უკვე დასრულდა. საქმე ეხება საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას.

"ეს იყო ჩვეულებრივი ჰუმანიტარული აქტი, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. აბსოლუტურად, ჩვენი საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის წესებს," - აცხადებს ჯაბა გაბუნია.

პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს აქციების მიმდინარებისას არასამთავრობოების ჩართულობასთან დაკავშირებით. პროკურორის განმარტებით, ამ ფონდიდან დაახლოებით 900 ათასი ლარის დახმარება გაიცა ჯარიმების გადახდასა და აქტივისტების წახალისებაში.

"ეს არის გილაურის ფონდი, საზოგადოება ასე იცნობს ამ ფონდს. შეიქმნა სულ სხვა მიზნობრიობით და სხვა ამოცანებით. ეს, ძირითადად, იყო რეგიონების ეკონომიკური განვითარება და სხვადასხვა პროექტები, თუმცა, უკვე 2024 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, მისმა საქმიანობამ უკვე მიიღო სხვა ხასიათი და მათ ღიად განაცხადეს, რომ იღებდნენ დონაციებს. დონაციების შემდგომი ხარჯვის მიზნობრიობა გამოიყენებოდა იმ წესდების საწინააღმდეგოდ, რომელიც ჰქონდათ თავიდან გაცხადებული. ესე იგი, ეს იყო ძირითადად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სასარგებლო ჯარიმების გადახდა და ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დაკავებული ბრალდებულების სასარგებლოდ ფინანსური წახალისება, სხვადასხვა დანიშნულებით თანხები, ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და ა.შ. რომ შევაჯამოთ, დაახლოებით 900 ათას ლარზე მეტი აქვს ამ ფონდს დახარჯული ჯარიმების გადახდაზე და ბრალდებულებისა და პატიმრების წახალისებისთვის,“ - აცხადებს პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე.

 

 

დღის ამბები