საქართველოს ერთიანობის, იდენტობისა და სიმტკიცის სიმბოლო - გამორჩეული ქართველი მეფის - ერეკლე მეორის ძეგლი ახლა დედაქალაქის შემოსასვლელშია აღმართული.
მონუმენტი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა - ავტორის, რომლის ცნობილი ნამუშევრები, არაერთი ქვეყნის დიდ ქალაქებს ამშვენებს, თუმცა მათ შორის ერეკლე მეორის ცხენოსანი ძეგლი თელავში, ათეულობით წელია სხვადასხვა თაობის ისტორიულ მეხსიერებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
პროექტზე ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ. სფეროს წარმომადგენლებმა, ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, ფიგურის ვიზუალური და გამომსახველობითი დეტალებიც გაითვალისწინეს.
ერეკლე მეორის ქანდაკება კახეთის გზატკეცილზე სამგორის პარკში, პრემიერის ინიციატივით და თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით განთავსდა.
ღონისძიებაზე ითქვა, რომ ერეკლე მეორის ძეგლი დიდი ქართველი მეფის ღვაწლს კიდევ ერთხელ უკვდავყოფს, ასევე, ამ სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ერეკლე მეორის ძეგლის ესკიზის გადიდების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პროექტზე მუშაობა წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი