07 აგვისტო 2026,   16:33
ვრცლად
ირანის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილით 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების"ჰეროინის" საქართველოში შემოტანას ცდილობდა - დგინდება, რომ სავარაუდო დამნაშავე წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა

უცხო ქვეყნის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილით, 200 კილოგრამი "ჰეროინის" საქართველოში შემოტანას ცდილობდა. 36 წლის მამაკაცს, რომელიც სატვირთოს მძღოლია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ "წითელი ხიდიდან" შემოჰქონდა.

დაკავებული ირანის მოქალაქეა. მტკიცებულებებით დგინდება, რომ სავარაუდო დამნაშავე წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა. მას სატვირთო ავტომანქანით "თევზის საკვები" გადმოჰქონდა, ტვირთში კი 8 ტომარა "ჰეროინი" ჰქონდა დამალული, რომელიც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რომელიც ირანის მოქალაქეს 2 ქვეყნის საზღვრის გავლით საქართველოში შემოჰქონდა, შავ ბაზარზე 50 მილიონ ლარს აღემატება.

36 წლის მამაკაცს ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. ირანის მოქალაქეს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ
შემოტანას ედავება.

საეჭვო ტვირთების იდენტიფიცირება და საეჭვო მარშრუტების გამოვლენა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და საბაჟო დეპარტამენტთან ერთად აღკვეთეს.

50 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების "ჰეროინის საქმის დეტალები საზოგადოებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე გააცნო. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ნებისმიერი სახის კანონდარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

200 კილოგრამი ჰეროინის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ირანის მოქალაქეს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები