არჩევნების მეორე დღე მოლდოვაში - ცესკო-მ ხმების 99%-ი დათვალა, 50%-ით ლიდერობს მაია სანდუს პარტია. თუ სურათი არ შეიცვალა, ამ მონაცემებით, მმართველ ძალას 101-ადგილიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზე, 24%-ით, არის ექსპრეზიდენტის, იგორ დოდონის ბლოკი, რომელმაც 26 მანდატის მოპოვება შეძლო.
ცესკო-ს მონაცემებით, დაფიქსირდა 200-ზე მეტი დარღვევა. დარღვევებზე საუბრობენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც - დაშინება, ძალადობის ფაქტები, ვადაგასული დოკუმენტებით ხმის მიცემა, ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელის შეშლა და ხარვეზები საარჩევნო სიებში.
"მადლობას ვუხდით ყველას, ვინც არჩევნებზე მოვიდა, მოლდოვის რესპუბლიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მათ კი, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, უფასო რჩევას მივცემ - მოქალაქეებზე და ქვეყნის მომავალზე იფიქრეთ და არა ეგოისტურ, პარტიულ ინტერესებზე. წესრიგსა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ", - განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია "მოქმედება და სოლიდარობის" ლიდერმა იგორ გროსუმ.