25 ივნისი 2026,   18:22
ვრცლად
მარიამ ლაშხი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე: დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქმედების უკან დგას გერმანიის სურვილი, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს

საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას მიესალმებიან მმართველ გუნდში და იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი ქართულ-გერმანული ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იქნება გამოყენებული.

გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის საგარეო უწყებამ გუშინ სოციალური ქსელით გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პეტერ ფიშერის გაწვევა კონსულტაციებისთვის ხდება და ამ ფაქტს წინ უძღოდა "ევროკავშირისა და პირადად გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მრავალი თვის განმავლობაში, საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ წარმოებული კამპანია". ასევე ცნობილია, რომ საქართველოს საკითხს დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ფიშერის გაწვევა იყო დიპლომატიური ქცევა.

"ეს არის ერთ-ერთი ადეკვატური დიპლომატიური ქცევა, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად გადაითარგმნოს, მაგრამ ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს, ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქმედების უკან დგას გერმანიის სურვილი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი დიპლომატი ამ გამოცდილებიდან ბევრს ისწავლის," - აცხადებს ლაშხი.

დღის ამბები