ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის დაკვალიფიცირება და აღმკვეთი ღონისძიების ფორმა ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური ჩხრეკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ექს-პრემიერმა უკანონო შემოსავლების მიღება სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვის დროს აღიარა და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.
სამართალდამცავმა უწყებებმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მათთან კავშირში მყოფი რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს. მაშინ, ე.წ. ქეშის სახით, გამოძიებამ 7 მილიონ დოლარზე მეტი, დიდი ოდენობით ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო.
ღარიბაშვილის აღიარებითი ჩვენების გარდა, დღეს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ჩხრეკა კიდევ 11 ლოკაციაზე ჩაატარა და ჯამში 4 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული ამოიღო. უწყების ცნობით, 1 მილიონ 300 000 დოლარი სუს-ის ყოფილ უფროსთან კავშირში მყოფი კობა ხუნდაძის საცხოვრებელში აღმოჩნდა, ხოლო 2 მილიონ 900 000 - ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მიხეილ ჩოხელის სახლში. კობა ხუნდაძე ამჟამად დაკავებულია.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუნდაძე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილთან არის დაკავშირებული, სამშენებლო კომპანია "დაგის" 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. მის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ლეგალიზაციის ბრალდებით მიმდინარეობს.
უწყების სპეციალურ ბრიფინგზე განმარტეს ის სქემა, რომელიც ხუნდაძემ ე.წ. დაუსაბუთებელი აქტივების გათეთრების მიზნით შეიმუშავა. გამოძიების მიხედვით, 2017-2025 წლებში ბრალდებულმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთები შეიძინა და საკუთარი კომპანიების საწესდებო კაპიტალში შეიტანა. შემდგომ ამ მიწებზე განხორციელებული მშენებლობებითა და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით თანხები კანონიერი შემოსავლის სახით ბრუნვაში მოექცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა საქმეზე ერთობლივ გამოძიებას აგრძელებენ. სულ, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 33 ლოკაციაზე ჩატარდა. მტკიცებულების სახით ამოღებულია 11 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, დიდი ოდენობით ოქრო და ასობით ელექტრონული მოწყობილობა.
ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა მრავალსაფეხურიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონება საკუთარი და მასთან დაკავშირებული კომპანიების საწესდებო კაპიტალში შეიტანა. შედეგად, ეს ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განხორციელდა მისი ნამდვილი წარმოშობის, წყაროსა და საკუთრების დამალვა.
ბრალდებულის საკუთრებაში აღირიცხა 30 ერთეული უძრავი ქონება, ხოლო 51 ერთეული შეტანილი იქნა მის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის კაპიტალში. მის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ასევე 1 319 300 დოლარი.
აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. დაკავებულს ბრალდება წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.