ნარკოტიკების რეალიზაციის ახალი მეთოდი და საფრენი აპარატით შერჩეული სამალავები - დრონი ნარკოდანაშაულის საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
ირკვევა, რომ დრონს 26 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი იყენებდნენ. საფრენი აპარატით, ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ"-ს დასადებად ადგილებს არჩევდნენ, შემდეგ სამალავებს ფოტოებს უღებდნენ და კლიენტს უგზავნიდნენ.
ჯგუფის ორი წევრი მცხეთა თიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ხვედელიძის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი გააჩერეს, ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც დაფასოებული "ალფა-პვპ" ამოიღეს.
"კურიერის" ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება მაშინ ჩატარდა, როდესაც 26 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკის სამალავში დატოვებას აპირებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილის გარდა, გაიჩხრიკა დაკავებულების სახლებიც. საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში ჩატარდა. 90 შეკვრად დაფასოებული "ალფა-პვპ"-ს გარდა, ამოღებულია წებოვანი ლენტები და სასწორები - ის მასალა, რომელიც ნარკოტიკის სარეალიზაციოდ გამზადებისთვის არის საჭირო.
ორივე დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა და ახლა ისინი წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში არიან.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.