ერთი საუკუნე, დაუვიწყარი ჟღერადობა და წარუშლელი კვალი ქართული მუსიკის ისტორიაში - ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 100 წელი შეუსრულდა.
იუბილეს გუნდი განსაკუთრებული მუსიკალური სეზონით აღნიშნავს და მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს.
სიკვდილისა და სულიერი აღორძინების მუსიკალური სიმბოლო - "აღდგომის სიმფონია", სწორედ ავსტრიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, გუსტავ მალერის ნაწარმოებით გაიხსნება საიუბილეო კონცერტების ციკლი. სადირიჟორო პულტთან ახლად არჩეული მთავარი დირიჟორი, კახი სოლომნიშვილი დადგება.
კლასიკური მუსიკის საღამოები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ცნობილი ქართველი და უცხოელი დირიჟორები და სოლისტები მიიღებენ. სეზონს
ორკესტრთან ერთად, სახელგანთქმული საოპერო შემსრულებლები - მათ შორის იტალიაში მოღვაწე, ქართველი სოპრანო იანო თამარი და მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე გახსნიან.
ორკესტრთან ერთად გუსტავ მალერის მეორე სიმფონიას შეასრულებს ორი საგუნდო კოლექტივი. 31 ოქტომბერს მსმენელის წინაშე თბილისის გოგონათა გუნდი და ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა წარდგება.
საიუბილეო კონცერტების პირველი ნაწილი 5 დეკემბერს ჰექტორ ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონიით და ბელა ბარტოკის ალტის კონცერტით დასრულდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი