ეკა გიგაურის მხრიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ბულინგის დასადგენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ორთვიანი ვადა არ ეყო და წარმოების განხილვა 9 იანვრამდე გადადო. ბულინგისთვის მიზეზი ეკა გიგაურისთვის ჟურნალისტ თეონა გუდაბანძის მიერ "რუსთავი 2-ის" გამოკითხვა და გამოქვეყნებული სტატია გახლდათ სახელწოდებით: "აპირებენ თუ არა ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არჩევნებში მონაწილეობას".
ეკა გიგაურმა ჟურნალისტის "ვოცაფის" ფოტო და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, რომელიც დაფარა, თუმცა მისი ამოცნობა ნებისმიერ პირს შეეძლო. უწყებას, რომელსაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებაზე რეაგირების მოხდენა ევალება, "რუსთავი 2-მა" სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, 6 ოქტომბერს მიმართა. საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ გამოქვეყნებულა.
"მაინტერესებდა, მიდიოდა თუ არა 4 ოქტომბრის არჩევნებზე და კითხვაც ეს იყო, თუმცა მისგან მივიღე სრულიად არასერიოზული პასუხი და მადლობა გადავუხადე უკუკავშირისთვის. აქ დასრულდა ჩვენი საუბარი და საღამოს აღმოვაჩინე, რომ "ფეისბუკ" გვერდზე გამოაქვეყნა ჩვენი სქრინები მიმოწერის, სადაც ვითომ დაფარული იყო ჩემი ნომერი, თუმცა იკითხებოდა ყველას თვალისთვის. ვთხოვე, იქნებ, აეღო სქრინი, თუმცა არც კი უნახავს ჩემი მინაწერი. გააგრძელეს ბულინგი ჩემს ფოტოსთან დაკავშირებით. არც იმხელა საქმეა, რომ ბევრ ინფორმაციას მოიცავდეს, სულ საუბარია ორ სქრინზე. ჩემი პერსონალური მონაცემები ირღვევა იმიტომ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩემი ნომერი და ქალბატონმა ეკამ საჯიჯგნად მიუგდო ჩემი ნომერიც და ჩემი თავიც ადამიანებს", - აცხადებს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა გუდაბანძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე