4 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალური არჩევნები გაიმართება. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამავდროულად, ისინი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთეს.
"რუსთავი 2" დაინტერესდა აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ.
გთავაზობთ ჩვენი გამოკითხვის შედეგებს:
"რუსთავი 2" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებსაც ჰკითხა მიდიან თუ არა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე.
საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილს.
“არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი”, - განუცხადა ცქიტიშვილმა “რუსთავი 2-ს”
ალეკო ცქიტიშვილის მსგავსად, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს.
“არ ვიცი“, - უპასუხა გიორგი კლდიაშვილმა “რუსთავი 2-ის“ კითხვას.
რაც შეეხება ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორს, ლევან ნატროშვილმა “რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოთხი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
“ვაპირებ კი, მინიმუმ იმიტომ, რომ ვნახო რა ხდება საარჩევნო უბანზე. რამე შეიცვალა თუ არა ტექნოლოგიების კუთხით, ჩანს თუ არა მარკირება და ა.შ.“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
დავუკავშირდით ნონა ქურდოვანიძეს - "საია", რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან გადაგვამისამართა, მათთან დაკავშირების შემდეგ კი, ნონა ქურდოვანიძის წარმომადგენელმა გვიპასუხა: "არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. ეს პერსონალური შეკითხვაა, პოზიცია შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა. შემიძლია მეილი მოგწეროთ და თუ რამე კითხვა გაქვთ იქ მოგვწერეთ".
არაერთხელ დავურეკეთ ნინო ლომჯარიას, რომელმაც არ გვიპასუხა. ამის შემდეგ, მივწერეთ სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე", თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ასევე, არაერთხელ დავურეკეთ ეკა გიგაურს "გამჭვირვალობა საქართველო", რომელმაც არ გვიპასუხა, მივწერეთ და პასუხი არ დაუბრუნებია.
დავურეკეთ ქეთი ხუციშვილს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, რომელსაც ვერ დავუკავშირდით და მივწერეთ "ვოცაფში", თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ასევე ვერ დავუკავშირდით ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას, რომელსაც მივწერეთ, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია.
საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა კი "რუსთავი 2-ს" აღნიშნულ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: "მეც მოგესალმებით, ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ, შეგეხმიანებით.
"რუსთავი 2" ასევე დაუკავშირდა "მედიის განვითარების ფონდის" დამფუძნებელს და დირექტორს, თამარ კინწურაშვილს, რომლის პასუხიც ასეთია: "უცნაური კითხვაა, რადგან ეს არის ყველა მოქალაქის პირადი გადაწყვეტილება და ამის გასაჯაროების თხოვნაც კი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია".
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის აბსოლუტურად უწყინარ კითხვას, რომელსაც არაერთი სოციოლოგიური სამსახური სვამს გამოკითხვების დროს, რაც უკავშირდება არჩევნებში მონაწილეობას და არა იმას, თუ ვისზე აკეთებს ესა თუ ის პიროვნება არჩევანს, "მედიის განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა შემდეგი სახის სტატუსი მიუძღვნა:
"ადრე უბანში პარტიის აქტივისტები ადგენდნენ სიებს და არჩევნებზე ვინ მივიდა და ვინ არა, აღრიცხავდნენ. ახლა რუსთავი 2 გადასულა აღრიცხვაზე.
ჟურნალისტი მწერს, აპირებთ თუ არა, არჩევნებზე მისვლასო და როცა ვუპასუხე, რომ ეს ყველა მოქალაქის პირადი გადაწყვეტილებაა და უცნაური კითხვაათქო, არჩევანს ხომ არ გეკითხებით, მხოლოდ მისვლით დავინტერესდიო,"- წერს თამარ კინწურაშვილი.