01 აგვისტო 2026,   10:29
ვრცლად
ეკა გიგაურის მხრიდან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ბულინგის დასადგენად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს" ორთვიანი ვადა არ ეყო და წარმოების განხილვა გადადო

მარტივი ჭეშმარიტების დადგენა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თეონა გუდაბანძის  ბულინგის საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გრძელვადიან და გადაუჭრელ პრობლემად იქცა. გამოსავალი მარტივად იპოვეს და სრული ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვადა 9 იანვრამდე გააგრძელეს. ამის შესახებ ბრძანებას ხელს სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი აწერს.

საქმე ეხება ჩვენი ჟურნალისტის ბულინგს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მხრიდან და როგორც ჩანს, ლელა ჯანაშვილისთვის მთავარი დილემა სწორედ ეს არის - არ გამოიტანოს, ან რაც შეიძლება დიდი ხნით გადადოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ფაქტის მიხედვით, ეკა გიგაურისთვის სასარგებლო არ შეიძლება იყოს.

ლელა ჯანაშვილის ბრძანებაში ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტის გარეშე ვკითხულობთ:

"თეონა გუდაბანძის განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე ვბრძანებ: 1. თეონა გუდაბანძის  2025 წლის 6 ოქტომბრის  განცხადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით. 2. დაევალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს აღნიშნული ბრძანების თეონა გუდაბანძისთვის გაცნობა. 3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში".

 Open photo

სამსახური, რომელიც მყისიერად უნდა რეაგირებდეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის განხორციელებულ ბულინგზე, მით უმეტეს, როდესაც ეს ხორციელდება პერსონის მხრიდან, რომელიც თავს უფლებადამცველს უწოდებს, ფაქტობრივად გვატყობინებს, რომ ეს თემა მისთვის პრიორიტეტული არ არის.

დღეს პირადად დავუკავშირდით პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ხელმძღვანელ ლელა ჯანაშვილს. როგორც მან სატელეფონო საუბრისას გვითხრა, ყველა მიმდინარე საქმე ზეპირად ვერ ეცოდინება და ვინაიდან კვირა დღეა, სამუშაო დღეებში უწყების ცხელ ხაზზე დარეკვა გვირჩია.

"ასე ზეპირად როგორ გიპასუხოთ, ხვალ დარეკეთ ცხელ ხაზზე... დღეს კვირაა და როგორ გიპასუხოთ, ყველა საქმე ხომ არ ვიცი ზეპირად? თან წინა კვირას არ ვიყავი, შვებულებაში ვიყავი", - აღნიშნა მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.

კითხვაზე, ხომ არ იცის, რომელი იურისტია მიმაგრებული კონკრეტულად ჩვენი ჟურნალისტის, თეო გუდაბანძის საქმეზე, ლელა ჯანაშვილმა იგივე პასუხი გაგვცა: "იცით, რამდენი საქმე გვაქვს წარმოებაში, ასე ზეპირად როგორ გითხრათ. ხვალ, ცხელ ხაზზე 10:00 საათზე დარეკეთ და დეტალურად მოგაწვდიან ინფორმაციას."

უწყების პრიორიტეტებს გადავხედეთ და თავიანთ საიტზე ბოლო გამოქვეყნებული გადაწყვეტილება 10 ნოემბრით თარიღდება. მათი სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ, რომ გამოუციათ სამსახურის პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებული, სადაც ჩვენი საქმე ნამდვილად ვერ მოხვდება, რადგან "დროში ვერ ჩაეტივნენ"... სამაგიეროდ, განგვიმარტეს ჩვენი უფლებები და აგვიხსნეს, რომ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს.

რაც შეეხება თავად საქმეს, რომელიც ლელა ჯანაშვილის უწყებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ან შესაძლოა, საერთოდაც მეასეხარისხოვანია, მისი პრეისტორია ასეთია:

ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, უფლებადამცველი იცავს ადამიანის უფლებებს და ცხადია, მათ შორის, ჟურნალისტის უფლებებსაც, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ეს უფლება ირღვევა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას.

რას აკეთებდა ამ დროს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც NGO სექტორში პოზიციონირებს, როგორც უფლებადამცველი?

ეკა გიგაური ამ დროს პერსონალურად იყო დაკავებული ჟურნალისტის ბულინგით ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის და უფრო მეტიც, თავის სოციალურ ქსელში, ფართო ასპარეზს აძლევდა ადამიანებს იმისთვის, რომ თავს დაესხმოდნენ და დამცინავი, დამამცირებელი და ცინიკური კომენტარები ეკეთებინათ ჟურნალისტის ფოტოზე, რომელიც ე.წ. უფლებადამცველმა ამავე ჟურნალისტის ტელეფონის ნომერთან ერთად გამოაქვეყნა.

ბულერების რიცხვში მოხალისეებად ჩაწერილთა შორის იყვნენ: ნინო ჟიჟილაშვილი, ეკატერინე მიშველაძე და მაკა ანდრონიკაშვილი.

Open photo

ბულინგისთვის "შთაგონების წყაროდ" ეკა გიგაურისთვის ჟურნალისტ თეონა გუდაბანძის მიერ პორტალ "რუსთავი 2-ზე" გამოქვეყნებული სტატია გახლდათ სახელწოდებით: აპირებენ თუ არა ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არჩევნებში მონაწილეობას - "რუსთავი 2-ის" გამოკითხვა.

https://rustavi2.ge/ka/news/326966

აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურს სტატიის შინაარსთან, მათ შორის, მის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, პრეტენზია არ ჰქონია, მისი სამიზნე ჟურნალისტის "ვოცაპის" ფოტო და ტელეფონის ნომერი გახდა, რომელიც "თვალის ასახვევად" თითქოს გადაშალა, მაგრამ მისი ამოცნობა ნებისმიერ პირს შეუძლია.

https://rustavi2.ge/ka/news/329383

უწყებას, რომელსაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროვებაზე რეაგირების მოხდენა ევალება, სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, 6 ოქტომბერს მივმართეთ. საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ გამოქვეყნებულა. პასუხად იშველიებდნენ კანონს, რომლის თანახმადაც მათ ორთვიანი ვადა აქვთ.

კანონით დადგენილი ვადების შესახებ, ცხადია, ჩვენც ინფორმირებულები ვართ, თუმცა ორთვიანი ვადა არ გულისხმობს იმას, რომ ის ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტს, მის ბულინგს და მეორე მხარეს დგას პერსონა, რომელსაც პრეტენზია აქვს უფლებადამცველობაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს "რუსთავი 2" რამდენჯერმე დაუკავშირდა. ჩვენი ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ არ გვქონდა პასუხი ორი კვირის შემდეგაც, როდესაც საქმე მხოლოდ ერთ ეპიზოდს ეხებოდა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ერთ "სქრინს", მით უმეტეს მაშინ, როდესაც აღნიშნული "ფეისბუკ-პოსტი" ისევ აქტუალურია ეკა გიგაურის სოციალურ ქსელში და მიუხედავად ჟურნალისტის მითითებისა, რომ მისი პირადი ნომერი მარტივად ამოსაცნობი იყო, ამ უკანასკნელმა ის მაინც არ წაშალა.

ის, რაც ძალიან მარტივად გასაგები აღმოჩნდა სახალხო დამცველისთვის, რომელმაც მეორე დღესვე დაადგინა, რომ ეს იყო ჟურნალისტზე თავდასხმა მისი მოსაზრების გამო და მის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, პერსონალური დაცვის მონაცემთა სამსახურისთვის ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია და როდის დასრულდება, მიმართვიდან ორი თვის თავზეც არ იციან. მათი პასუხი თვენახევრის წინ ასეთი იყო:

"ეკა გიგაურთან კომუნიკაციის ეტაპზეა საქმე, შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები არის კვლევის პროცესი, როგორც კი დასრულდება და სამსახურის უფროსის მიერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხელმოწერილი გადაწყვეტილება გამოგეგზავნებათ შესაბამისი შედეგებით" - განგვიცხადეს უწყებაში.

კითხვაზე - შესაძლოა, აღნიშნული პროცესი 2 თვემდე გაიწელოს? მათი პასუხი ასეთი გახლდათ:

"წინასწარ ვერ გეტყვით კვლევის პროცესში რა შეიძლება გახდეს გამოსაკვლევი, რაიმეზე დამატებითი განმარტებები მისაღები თქვენგან, ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან. განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა არის 2 თვე, თუმცა, ზოგადად კანონის საფუძველზე, შესაძლოა დასაბუთებული შუამდგომლობით იქნას ერთი თვის ვადით განცხადების განხილვა გაგრძელებული იმასთან მიმართებით, თუ რაიმე კომპლექსური საკითხია და დამატებით კვლევას და შესწავლას საჭიროებს. თუ არ იქნება საჭირო გაგრძელება, 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს, თუმცა, რასაკვირველია შესაძლებელია, 2 თვეზე ნაკლებ დროშიც დასრულდეს თუ კვლევის პროცესი უკვე დასრულებული იქნება".

"რუსთავი 2": არის თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის პრიორიტეტული ისეთი საქმეების მყისიერად განხილვა, სადაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ამას პრევენციული ხასიათი მიეცეს?

"მიღებულია განცხადება განსახილველად, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ განცხადება აკმაყოფილებს სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მიღებულ იქნა განსახილველად. ამის თაობაზე გეცნობათ თქვენ, როგორც განმცხადებელს და აღნიშნული განცხადების განხილვის ფარგლებში მიმდინარეობს ეკა გიგაურის მიერ "ფეისბუკის" მეშვეობით თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა. შესაბამისად, აქ არის გარკვეული ეტაპები, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია, ზოგადად კვლევის პროცესი, დამატებითი განმარტებების მიღება, დათვალიერება და ა.შ. შესაძლოა ძალიან ბევრი პროცესი იყოს საკვლევი, წინასწარ, 2 თვეზე ადრე დასრულდება განხილვა, თუ 2 თვის განმავლობაში ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. შესაბამისად, აქ არის გარკვეული ეტაპები, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია, ზოგადად კვლევის პროცესი, დამატებითი განმარტებების მიღება, დათვალიერება და ა.შ. შესაძლოა ძალიან ბევრი პროცესი იყოს საკვლევი, წინასწარ, 2 თვეზე ადრე დასრულდება განხილვა, თუ 2 თვის განმავლობაში ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ".

"რუსთავი 2": რეალურად, მყისიერი რეაგირებაა საჭირო, რადგან შესაძლოა, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს მედიის სხვა წარმომადგენლების შემთხვევაშიც რომ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები.

"ამის თაობაზე უკვე მომხდარია რეაგირება და მიმდინარეობს კვლევა" - განგვიცხადეს უწყებაში.

რაც შეეხება ომბუდსმენს, "რუსთავი 2" მასაც დაუკავშირდა ეკა გიგაურის მიერ განხორციელებულ ბულინგთან დაკავშირებით. ლევან იოსელიანისთვის ცალსახად ფაქტი იყო ის, რომ საქმე გვქონდა ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ თავდასხმაზე.

"ბატონო ლევან, როგორც ვიცით, გაქვთ ინფორმაცია ჩვენი ჟურნალისტის, თეონა გუდაბანძის მიერ მომზადებულ სტატიაზე, რომელიც შემდგომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, თავის "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა. ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა გახდა გარკვეულწილად ე.წ. ბულინგის საგანი იმ ადამიანის "ფეისბუკ" კედელზე, რომელიც საკუთარ თავს უფლებადამცველს უწოდებს. აღნიშნულ საკითხზე, გვაინტერესებს როგორია თქვენი შეფასება?"

"მე არაერთხელ გამიკეთებია ამის შესახებ განცხადება და ახლაც მინდა გავაკეთო ძალიან ხაზგასმით, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება - ე.წ. ბულინგი, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების, ან მის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო. ეს, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიას ეხება. ვიღაცას მოსწონს ერთი ტელევიზია, ვიღაცას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ჟურნალისტი მუშაობს, მისი მოსაზრებების გამო, მასზე თავდასხმა, ან მის მიმართ სიძულვილის გამოყენება მიუღებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც ჟურნალისტური ეთიკის ნორმებზე, გამოხატვის თავისუფლების საზღვრებზე ვსაუბრობ, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ სიძულვილის ენის გამოყენება არის მიუღებელი, როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო სივრცეში", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

"რუსთავი 2" აქტიურად აგრძელებს აღნიშნულ საქმეზე მუშაობას და როგორც კი პასუხი გვექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, ჩვენს მკითხველს ვაცნობებთ.

დღის ამბები