ექსპრემიერ ღარიბაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დღეიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში უკვე მოათავსეს. მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებასა და ლეგალიზებას გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული 2 თვის წინ ოფიციალურად აღიარა. პროკურატურის განმარტებით, საპროცესო გარიგების პირობები 9-დან 12 წლამდე პატიმრობის ნაცვლად, 5-წლიან თავისუფლების აღკვეთას, 17 მილიონის ქონების კონფისკაციასა და, ჯარიმის სახით, 1 მილიონი ლარის გადახდას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, საქალაქო სასამართლოში, 15:00 საათზე გაიმართა. ექსპრემიერი, ამ დრომდე, თავისუფლებაზე მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. უკვე მსჯავრდებული ღარიბაშვილის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამოხელეო დანაშაული არ ჩაუდენია, სასჯელს კი მხოლოდ უკანონო ბიზნეს საქმიანობისთვის მოიხდის, რომელსაც უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროს ეწეოდა.
პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას 2019-24 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით აწარმოებდა. საქმის ფარგლებში, გასული წლის ზაფხულიდან ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლებიდან, სამართალდამცველებმა 6 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს.
ექსპრემიერის დაპატიმრება ადასტურებს, რომ, მიუხედავად თანამდებობისა, საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ასეთია იუსტიციის მინისტრის შეფასება. პაატა სალიამ დღეს განმარტა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ღარიბაშვილის საქმე სწორედ ამას ადასტურებს.
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. მალევე, სუს-ში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერმა უკანონო შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით, ბრალი აღიარა და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.
დღეს, საპროცესო გარიგების საფუძველზე, უკანონოდ მიღებული ქონების ჩამორთმევასთან ერთად, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.