"გარდატეხის ასაკი", "ათასი დარტყმა", "ანდორი", "დანაშაულები" და "ცნობილი მოღალატეები" - გასული წლის საუკეთესო სატელევიზიო ნამუშევრები და პერსონაჟები, რომლებმაც ეკრანებთან მილიონობით ადამიანს მოუყარეს თავი.
სულ უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, ვიდრე "როიალ ფესტივალ ჰოლი" მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა. ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემია წლის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს გადასაცემად ემზადება.
წლევანდელი დაჯილდოების ფავორიტი ნეტფლიქსის ოთხსერიანი დრამა "გარდატეხის ასაკია", რომელიც 11 ნომინაციით ლიდერობს. სერიალმა კრიტიკოსები იმით გააოცა, რომ თითოეული ეპიზოდი ერთი უწყვეტი კადრით, ყოველგვარი მონტაჟის გარეშეა გადაღებული. დრამაში მამის როლის შემსრულებელი სტივენ გრეჰემი მამაკაცის საუკეთესო როლის კატეგორიაშია წარდგენილი.
"გარდატეხის ასაკი" გასულ წელს ბრიტანეთში ნამდვილ სოციალურ ფენომენად იქცა. მან დიდი დებატები გამოიწვია მოზარდთა ძალადობისა და სოციალური მედიის გავლენის შესახებ. სერიალს, ჯამში, სამსახიობო ოსტატობისთვის 5 ნომინაცია აქვს.
საუკეთესო დრამატული სერიალების კატეგორიაში ოთხი პროექტია წარდგენილი. მათ შორის, 7 ნომინაციით იბრძვის დისნეი პლუსის ისტორიული თრილერი "ათასი დარტყმა" - სიუჟეტი ვიქტორიანულ ლონდონში, კრიმინალური ბანდების სამყაროში ვითარდება, სადაც სიღარიბე, კრიმინალი და ძალადობა ყოველდღიური რეალობაა. სიუჟეტი ფოკუსირებულია არალეგალურ კრივზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ სამყაროში გადარჩენასა და წარმატების მიღწევას ცდილობენ.
მას კონკურენციას უწევს "ლურჯი შეუქები" - ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის შესახებ გადაღებული კრიმინალური დრამა, სადაც ახალბედა ოფიცრები რეალურ საფრთხეებსა და მორალურ დილემებს ეჯახებიან.
გასართობ გადაცემებს შორის ლიდერობს "ცნობილი მოღალატეები". შოუს წამყვანი, კლაუდია უინკლემანი, ნომინირებულია საუკეთესო პერფორმანსისთვის. ამავე კატეგორიაში იბრძვიან ალან კარი და ამანდა ჰოლდენი თავიანთი ესპანური თავგადასავლებით.
კომედიური სერიალების კატეგორიაში "Amandaland" ლიდერობს. სერიალი საშუალო კლასის დედის ყოველდღიურობასა და სოციალურ აბსურდს ასახავს. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე ამ პროექტიდან ერთდროულად სამი მსახიობია წარდგენილი.
აკადემიამ ასევე დაასახელა საუკეთესო დოკუმენტური ფილმები, მათ შორისაა ლუი თერუს "მოსახლეები" და რეზონანსული "ღაზა: ექიმები თავდასხმის ქვეშ".
ინდივიდუალურ კატეგორიებში ყურადღების ცენტრში ორი მსახიობი აღმოჩნდა - ერინ დოჰერტი და ეიმი ლუ ვუდი. თითოეული ორ კატეგორიაშია ნომინირებული. ეიმი ლუ ვუდი წარდგენილია საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში სერიალ "Film Club"-ში შესრულებული როლისთვის, ასევე მეორეხარისხოვანი როლისთვის "თეთრ ლოტუსში". ერინ დოჰერტი კი ნომინირებულია "ათასი დარტყმაში" და "მოზარდობაში" შესრულებული როლებისთვის.
გამარჯვებულებს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. ვინ წაიღებს სახლში ოქროს ნიღაბს და ვინ გახდება 2026 წლის ტელესიმბოლო - ამას 10 მაისს, "როიალ ფესტივალ ჰოლში" გამართული დაჯილდოებიდან გავიგებთ, სადაც ინდუსტრიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები შეიკრიბებიან.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი