საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე - "გრან პალე" მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 50-მდე ქვეყნისა და 1000-ზე მეტი ავტორის მასპინძელია, საქართველო კი, საგანგებო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
მწერალთა სახლი მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამითაა წარმოდგენილი - ფრანგულ ენაზე ნათარგმნი 120-ზე მეტი გამოცემა და 10-მდე გამომცემლობა.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის, "მოგზაურობა კავკასიაში" მოტივებზე აიგო. სლოგანით - " იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად", ეროვნული სტენდი ფესტივალის დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში ეხმარება.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ეროვნულ სტენდს კი მწერალთა სახლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს.
მიმდინარე წიგნის ფესტივალის შესახებ ისაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრმა. თინათინ რუხაძის თქმით, ქართველი მთარგმნელების საქმე განსაკუთრებით დაფასდა, ხოლო საერთაშორისო საგამომცემლო სახლების მხრიდან ინტერესი მაღალია.
"მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით დაფასდა ის საქმე, რასაც ჩვენი მთარგმნელები აკეთებენ. ათობით თუ ასობით წიგნი იყო ჩამოტანილი. ძალიან დიდია ინტერესი და ყველაზე მეტად მახარებს, რომ ქართული გამომცემლობების გარდა, ეს ყველაფერი აინტერესებს საერთაშორისო საგამომცემლო სახლებს.
"სალ გავოში", პარიზის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ საკონცერტო დარბაზში იქნება წარმოდგენილი არაჩვეულებრივი ქართული მუსიკა, რომელიც ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით არის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ავტორი: ზაკ მირიანაშვილი