რეკლამა ქართულ პრესაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იწყებს განვითარებას და თანდათან იქცა არა მხოლოდ სავაჭრო ინფორმაციის გავრცელების საშუალებად, არამედ სოციალური და კულტურული პროცესების ამსახველ მნიშვნელოვან ელემენტად.
იმ დროის გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამები მკითხველს აცნობდა სხვადასხვა საქონლის, მომსახურების, სამედიცინო საშუალებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ.
ხშირად რეკლამები მარტივი ტექსტის ფორმით იყო წარმოდგენილი, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ვიზუალური და სტილისტური მხარე უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ძველი ქართული პრესა, როგორიცაა "ივერია" და "დროება", აქტიურად იყენებდა რეკლამას როგორც შემოსავლის წყაროს, ისე ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტს. ამ გამოცემებში რეკლამები გვხვდება სხვადასხვა შინაარსით: ვაჭართა განცხადებები, ახალი წიგნების გამოცემის ანონსები, სამკურნალო საშუალებების რეკლამა და სხვადასხვა სერვისის შეთავაზებები. აღნიშნული მასალა დღეს მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევა იმ პერიოდის ეკონომიკური ცხოვრების, მომხმარებლური კულტურისა და საზოგადოების საჭიროებების შესასწავლად.
საინტერესოა ისიც, რომ რეკლამის ენა და სტილი პირდაპირ ასახავდა ეპოქის თავისებურებებს. ტექსტები ხშირად ოფიციალურ-დასაბუთებულ ტონს ატარებდა და მიზნად ისახავდა ნდობის მოპოვებას. ამავდროულად, რეკლამებში შეინიშნებოდა ეროვნული იდენტობის ელემენტებიც, რაც იმდროინდელი საზოგადოებრივი განწყობების ამსახველი იყო.
ძველი ქართული პრესის ფურცლებზე რეკლამა მხოლოდ ინფორმაცია არ იყო, ის ნამდვილ ვიზუალურ ხელოვნებად იქცა, რომელმაც საინტერესო ევოლუცია განიცადა:პირველი ილუსტრაციები, თუკი თავიდან (XIX ს. შუა წლებში) რეკლამები მხოლოდ მშრალი ტექსტით შემოიფარგლებოდა, 1861 წელს „გუთნის-დედაში“ გაჩნდა ერთ-ერთი პირველი გრაფიკული გამოსახულება- ფლამანდიური ძროხა, რაც იმ დროისთვის ნამდვილი ინოვაცია იყო.
გრაფიკული გაფორმება: XX საუკუნის დასაწყისში „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ რეკლამამ ფორმა იცვალა. გაჩნდა დეკორატიული ჩარჩოები, ორნამენტები და მხატვრული შრიფტები, რაც მკითხველის ყურადღებას მაშინვე იპყრობდა.
პერსონაჟები და სიუჟეტები: რეკლამებში ხშირად იყენებდნენ ადამიანების ფიგურებსა და ყოველდღიურ სცენებს, რაც პროდუქტს უფრო ცოცხალსა და სანდოს ხდიდა.
ტიპოგრაფია: განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ასოების ზომასა და განლაგებას. მთავარი სათქმელი ყოველთვის მსხვილი, მუქი შრიფტით იყო გამოყოფილი, რაც მარკეტინგულ ხრიკად ითვლებოდა.
ძველი ქართული გაზეთები სოციალური სარკეა, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს რა უხაროდათ, აწუხებდათ და რას ყიდულობდნენ საუკუნეების წინ.
“ყოვლისშემძლე" წამლები: ეს ყველაზე პოპულარული თემა იყო. რეკლამირდებოდა წამლები, რომლებიც "ყველა სენს არჩენდა", კბილის ტკივილიდან დაწყებული, რევმატიზმით დასრულებული. ხშირად შეხვდებოდით ისეთ კურიოზებსაც, როგორიცაა თმის ამოსაყვანი "ჯადოსნური" მალამოები.
“სამკურნალო
ექიმთა საზოგადოებისა
ტფილისში
მიიღებიან გარედან მოსიარულე ავადმყოფნი.
ჰიპნოზით მკურნალობა, მიკროსკოპიული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევანი, აგრეთვე ყვავილის აცრა და ძიძების გასინჯვა. ფასი რჩევისათვის 50 კაპ. ოპერაციები და კონსულტაციები მორიგებით.”
"ცნობის ფურცელი", 1905
ევროპული მოდა და ნივთები: თბილისელი ვაჭრები ამაყობდნენ, რომ საქონელი პირდაპირ პარიზიდან, ვენიდან ან ლონდონიდანჩამოჰქონდათ. რეკლამებში ხაზგასმული იყო ხარისხი და "უახლესი ფასონი" – იქნება ეს კორსეტები, ცილინდრები თუ სუნამოები.
“რაც-კი ახალია ამ სეზონში მოსდის
ინგლისის და საფრანგეთის სამოდო ჟურნალებზე დამზადებული უკანასკნელ ფასონების ქალთა ზედა ტანისამოსი, კაცთა და ბავშვთა კოსტუმები და პალტოები ყოველგვარ მატერიისა, რუსეთისა და საზღვარ-გარედ ქარხნებზე დამზადებული. ფასი სულ მცირეა. შეუვაჭრებლად”
"ცნობის ფურცელი", 1905
კვება და გართობა: ძალიან ბევრი რეკლამა ეთმობოდა კახურ ღვინოს, ლუდს და რესტორნებს, რომლებიც კლიენტებს "საუკეთესო მზარეულებითა" და "ევროპული წესებით" იზიდავდნენ.
“!!მიაქციეთ ყურადღება!!
ჩინეთის მაღაზია
იგემეთ ჩაი პირველი მოკრებისა 1898 წლისა
მშვენიერი ყნოსვისა და სასიამოვნო გემოსი
ყოველს მყიდველს ჩვენის ჩაისას დაეთმობა მანათზე აბაზი და საჩუქრად მიიღებს ჩინეთის, იაპონიის და სხვა საჭირო და საოჯახო ნივთს.
ვინც 12 ან მეტ გირვანქა ჩაის იყიდის ჩვენგან იმას საჩუქრად მიეცემა ჩაის სერვიზი
იქვე მრავალგვარი ჩინეთის და იაპონეთის ნივთებია.”
"ცნობის ფურცელი", 1899
განათლება და წიგნები: იმდროინდელი ინტელიგენცია პრესას აქტიურად იყენებდა ახალი გამოცემების დასაანონსებლად. „ივერიაში“ ხშირად ნახავდით განცხადებებს ახალი ლექსიკონების, სასწავლო სახელმძღვანელოებისა თუ თარგმანების შესახებ.
ტონი და სტილი: შინაარსი ყოველთვის უკიდურესად თავაზიანი იყო. ხშირად იწყებოდა მიმართვით: „პატივცემულო საზოგადოებავ!“ან „გვაქვს პატივი ვაცნობოთ...“. ამავე დროს, არ ერიდებოდნენ კონკურენტების ირიბ კრიტიკასაც, ამტკიცებდნენ , რომ მათი საქონელი "ნამდვილია" და არა "ფალსიფიცირებული".
“ნუ ყიდულობთ ოლე-ვაზელინის საპონს როიალ-კონგო რომელსაც გასაფრთხილებელი ნიშნები არა ჰქონდეს გამომგონებისაგან.
ჩვენ იძულებულ ვართ თითოეულ ნაჭერს ოლე-ვაზელინის "როიალ-კენგოს" საპონს გასაფრთხილებელი ნიშნები გავუკეთოთ, რადგან აღმოჩნდნენ ისეთნი, რომელნიც აკეთებენ ჩვენის საპნის მიმსგავსებულს ეტიკეტითაც და სხვაფრივაც.”
განსაკუთრებით საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკლამები. „ცნობის ფურცელში“ ხშირად გვხვდება განცხადებები კერძო სკოლების, პანსიონებისა და უცხო ენების კურსების შესახებ. მაგალითად: „იღება მოსწავლენი ფრანგულისა და გერმანულის შესასწავლად გამოცდილი მასწავლებლის ხელმძღვანელობით“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ განათლება მოთხოვნადი და კომერციულადაც მნიშვნელოვანი სფერო იყო.
ასევე აღსანიშნავია მომსახურების სფეროს რეკლამები- ფოტოგრაფები, მკერავები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად აქვეყნებდნენ საკუთარ განცხადებებს. ფოტოგრაფების რეკლამები ხშირად უსვამდა ხაზს ტექნიკურ სიახლეებს: „გადაღება უახლესი აპარატით, სწრაფად და ხარისხიანად“. ეს გვიჩვენებს, როგორ იწევდა წინ ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ იყენებდნენ მას პროფესიონალები საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის.
ამ უნიკალური მემკვიდრეობის შესწავლისას გადამწყვეტი როლი ენიჭება საქართველოს ეროვნულ არქივს. სწორედ აქ არის დაცული არა მხოლოდ გაზეთების დედნები, არამედ პირველი ქართველი კომერსანტების პირადი ფონდები, ორიგინალი ესკიზები, თეატრალური აფიშები და ფოტოები, რომლებიც ძველი თბილისის სარეკლამო აბრებსა და ვიტრინებს ინახავს. ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემებთან ერთად, არქივი ის მთავარი საცავია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ქართული სარეკლამო საქმის საწყისები.