რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია "რუსთაველი" გაიხსნება. ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, აკადემიის მწვრთნელებმა საფრანგეთში, ნიცის რაგბის აკადემიაში აიმაღლეს კვალიფიკაცია და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილება გაიზიარეს.
რუსთავის რაგბის ბავშვთა აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ გაეცნენ მეთოდოლოგიას, რომლითაც ბავშვებს ავარჯიშებენ.
"ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი ვიზიტი ნიცა რაგბში. პირველი სამი დღე უშუალოდ დაეთმო თეორიულ ნაწილს, გავეცანით თვითონ აკადემიის სტრუქტურას, გავეცანით მეთოდოლოგიას, თუ რა მეთოდოლოგიით ავარჯიშებენ ბავშვებს", - აღნიშნა ირაკლი ნატრიაშვილმა.
კომენტარი გააკეთა ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტმა, ოლივიე ბუჟო.
"მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ რაგბის აკადემია "რუსთაველის" წარმომადგენლებს. ისინი ჩვენთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან და სურთ, ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ. ჩვენც მზად ვართ, მათ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცეთ და მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში", - ამბობს ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტი, ოლივიე ბუჟო.
რუსთავის რაგბის აკადემიაში, 5-დან 14 წლამდე მოზარდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ახალი სპორტული სივრცე რუსთავში ამ შემოდგომაზე გაიხსნება და რაგბის ყველა მოყვარულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების აკადემიაში სწავლას რუსთავის მერია სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.