03 ოქტომბერი 2026,   20:29
ვრცლად
ესპანეთის 50-ზე მეტ ქალაქში საბინაო საკითხებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება

ესპანეთის 50-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება, დემონსტრანტები მსვლელობას მოაწყობენ. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული ორი დადგენილება ჩააგდო, რომლებიც მოიჯარეებისთვის უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები მოიჯარეთა კავშირის მიერ არის ორგანიზებული.

"არსებობს გადაულახავი უფსკრული იმას შორის, თუ რას სურს ხალხს და რას აძლევენ პარტიები ხმას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროტესტის პირველი ტალღა 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლებამ გამოიწვია. ის საკაცით გამოიყვანეს მადრიდის ბინიდან, სადაც დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

საცხოვრებლის საკითხებზე მომუშავე აქტივისტების განცხადებით, უძრავი ქონება ერთ-ერთმა საინვესტიციო კომპანიამ შეიძინა და ქალისთვის ქირის 275 პროცენტით გაზრდას ცდილობდა.

საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ახალი მფლობელები შეთანხმდნენ, რომ მას ბინაში დაბალი ქირით დაბრუნების უფლებას მისცემდნენ.

მთავრობის ზომები, რომელიც პარლამენტმა ჩააგო, შემდგომი საყოველთაო საპროტესტო აქციების საპასუხოდ შეიმუშავეს.

პარასკევს უარყოფილი პაკეტი ავტომატურად ახანგრძლივებდა იჯარის ხელშეკრულებებს ვადის გასვლის შემდეგ და ზღუდავდა დაუცველი მოიჯარეების გამოსახლების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ინიციატივა მიმართული იყო ე.წ. "მტაცებელი ფონდების" - საინვესტიციო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც, მაღალი შემოსავლის მისაღებად, დაბალ ფასად ყიდულობენ უძრავ ქონებას.

დღის ამბები