სტუდენტურმა ფესტივალმა სტარტი რუსთავში უკვე აიღო. სტუდენტებს რუსთავის სპორტის სასახლე მასპინძლობს, ტურნირის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრებები შვიდკაცა რაგბში, ძიუდოში, ნარდში, შაშსა და ჭადრაკში. შეჯიბრებების დასრულების შემდეგ. გაიმართება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით, დღის ბოლოს კი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ქალაქში შექმნილმა ახალმა ინფრასტრუქტურამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
"სტუდენტური ფესტივალი დაიწყო სწორედ რუსთავიდან. ეს ინფრასტრუქტურა იმის დასტურია, რომ ქალაქში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა - უკვე შეგვიძლია, ამ მასშტაბის, ძალიან დიდ ახალგაზრდულ ფესტივალს ვუმასპინძლოთ. დღეს რუსთავი არის ათასობით ახალგაზრდის გაერთიანების ადგილი, რაც ძალიან გვიხარია. ბედნიერები ვართ, რომ ვართ ამ ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლები", - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ ამაღლობელის თქმით, სტუდენტური ცხოვრებისთვის მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია.
"მივიღე მონაწილეობა შაშში, პირველი ხელი გაიმართა და მოვიგე, ველოდები მეორე ხელს. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს სტუდენტებს, რადგან სასიამოვნო აქტივობები ტარდება და ასე სტუდენტური ცხოვრებაც უფრო ხალისიანია," - აცხადებს ამაღლობელი.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი თაკო მუშუქია აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს აერთიანებს.
"მივიღე მონაწილეობა ნარდის ჩემპიონატში და გადავედი ნახევარფინალში, ახლა დავამარცხე ჩემი მეტოქე და გადავედი ფინალში. ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობები აერთიანებს სტუდენტებს," - ამბობს თაკო მუშუქია.