02 აგვისტო 2026,   04:37
ვრცლად
დასაქმებულთა უსაფრთხოება და სოციალური პირობები - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" წარმოების განახლებისა და რეორგანიზაციის შედეგები შეაჯამა

მაღაროების აღდგენითი სამუშაოები, რეაბილიტირებული ცენტრალური განიავების სისტემა და გაუმჯობესებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" წარმოების განახლებისა და რეორგანიზაციის შედეგები შეაჯამა. ახალი ეტაპი ინდუსტრიული ქალაქისთვის - წლიური ანგარიშის დეტალური პრეზენტაცია კომპანიამ ქალაქის კულტურის ცენტრში საჯაროდ გამართა.

ღონისძიებაზე კომპანიის დირექტორმა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები წარადგინა. არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განვითარების ხედვა გააჟღერა. ერთი წლის წინ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად, ჭიათურაში მიწისქვეშა წარმოება სრულად აღდგა. 10-მდე ობიექტზე, მათ შორის შუქრუთის, მღვიმევის, ითხვისის მაღაროებში რეაბილიტაცია წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით წარიმართა. სამუშაოების უმეტესობა გასულ წელს დასრულდა, რასაც წარმოების პროცესის განახლება მოჰყვა.

წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოწვევების მიუხედავად კომპანიამ 2025 წლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. გასულ წელს მიწისქვეშა საწარმოებში 300 000 ტონამდე წიაღისეული მოიპოვეს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა უკვე 160 000 ტონას გადააჭარბა. 10 თვის განმავლობაში კომპანიამ მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში 53 მილიონ ლარზე მეტი გაიღო.

რეორგანიზაციის პროცესში კომპანიის პრიორიტეტს დასაქმებულთა უსაფრთხოება და სოციალური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა. დაინერგა განახლებული სახელფასო სისტემა, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი და ახალი სადაზღვევო პაკეტი. მოეწყო თანამედროვე სამზარეულოები, სრულად განახლდა კვების რაციონი და გაუმჯობესდა ტრანსპორტირების სერვისი. კომპანიის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს დღეს პირადად გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი.

დასაქმება და სამართლიანი ანაზღაურება - პრეზენტაციაზე საკადრო პოლიტიკის შედეგების მაჩვენებლებიც გასაჯაროვდა. საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 2 500 აჭარბებს. გაიზარდა ანაზღაურება - 2023 წელთან შედარებით, საშუალო ხელფასმა 768 ლარით მოიმატა. ყოველთვიური სახელფასო ხარჯი კი 6 მილიონ 900 000 ლარს აღწევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია უზრუნველყოფდა კომპენსაციების გაცემას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ვერ დასაქმდნენ განახლებულ საშტატო პოზიციებზე.

პრეზენტაციის ფინალური ნაწილი განვითარების სტრატეგიას დაეთმო. ქალაქისთვის ინდუსტრიული სტატუსის შენარჩუნება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. დასახულ ამოცანებს შორის პრიორიტეტულია წარმოების რენტაბელურობის გაზრდა, რისთვისაც ტექნიკური მოდერნიზაცია და მარაგების მართვის დახვეწა იგეგმება. კომპანია 8 მილიონ ტონამდე მადნის მოპოვებასა და საინვესტიციო პროექტების განვითარებას გეგმავს.

ჭიათურის მაღაროებში განხორციელებულ რეორგანიზაციის შედეგებისა და სამომავლო ხედვების განხილვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" ჭიათურის მიწისქვეშა საწარმოებს უკვე ორ წელზე მეტია რაც მართავს. 

დღის ამბები