რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2026" გაიხსნა. სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი.
სტუდენტური ფესტივალს წელს სიახლეც დაემატა, 14 ივნისს თბილისში ღონისძიების ფარგლებში 5 კილომეტრიანი მარათონი გაიმართება რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კულტურული მიმართულებით კი ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში. სტუდენტური ფესტივალი რუსთავში მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრთან ერთად გახსნა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტუდენტური ღონისძიება, რომელიც 2014 წლიდან ტარდება, ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება და მასში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს ღონისძიება პირველად რუსთავში გაიხსნა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, თბილისის და რუსთავის მერებს, ასევე განათლების სამინისტროს მხარდაჭერისთვის და მონაწილეებს წარმატებული ფესტივალი უსურვა.
"ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და მასში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. მადლობა ყველას, ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, რუსთავის მერიას. მიხარია, რომ პირველად რუსთავში წელს იხსნება ეს ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებული სტუდფესტი მინდა გისურვოთ", - განაცხადა პრემიერმა.