მომდევნო კვირიდან თემო ფურცელაძისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ორშაბათიდან, გაყიდვების სფეროში საქმიანობის პარალელურად, ვებპროგრამირების შესწავლას შეუდგება. ის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია და სასწავლო კურსს სრულად სახელმწიფო დაფინანსებით გაივლის. აპირებს, მოიპოვოს შესაბამისი სერტიფიკატი და არ გამორიცხავს, მომავალში პროფესიაც შეიცვალოს.
IT სფეროს მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამით სწავლას უახლოეს პერიოდში კიდევ 1 000 მოქალაქე დაიწყებს. სასურველი კურსი და საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეებმა თავად შეარჩიეს. ყველაზე მოთხოვნადი კვლავ პროგრამირება აღმოჩნდა - ამ მიმართულებას 500 სტუდენტი დაეუფლება. დიზაინს კი 250 აპლიკანტი შეისწავლის.
პროექტის მეოთხე ნაკადის ფარგლებში აპლიკანტებს სიახლეები დახვდათ - გაფართოვდა სასწავლო მოდულები და დაემატა ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებული კურსები. პროგრამები ყველა თანამედროვე და მოთხოვნად მიმართულებას მოიცავს - გრაფიკული დიზაინიდან ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი პროგრამის მიმართ წელს ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა - რეგისტრაცია 31 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. შერჩეულია 13 საგანმანათლებლო დაწესებულება. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 72 კურსიდან მაქსიმუმ 5 სასწავლო პროგრამა აერჩიათ.
მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება, მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია და შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა - სააგენტოში ამბობენ, რომ ეს მთავარი მიზნებია, რის გამოც პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა უკვე 10 000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე