ვენეცია - ქალაქი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა - "ვენეციის ბიენალე" იმართება. "ბიენალე" 1895 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის ინიციატივით დაარსდა. მიზანი იყო ვენეციის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრად და ასეც მოხდა - დღეს "ვენეციის ბიენალე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა. ის არის სივრცე, სადაც ერთიანდება მრავალფეროვანი მხატვრული ხმები და ესთეტიკური ხედვები - ერთგვარი "პოლიფონიური ორგანიზმი", რომელიც თანამედროვე ხელოვნების განსხვავებულ და ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ტენდენციებს აერთიანებს.
ეს სცენა ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანებს, მათ იდეებს, პროექტებსა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს აერთიანებს.
"ბიენალეზე" წარმოდგენილ არტისტებს მასპინძლობს ორი მთავარი საგამოფენო სივრცე - ჯარდინი და ვენეციის არსენალე. ისტორიული პალაცოები და არქიტექტურული ძეგლები დროებით საგამოფენო პავილიონებად გარდაიქმნება. ბიენალეს პერიოდში, ქალაქი ერთ დიდ საგამოფენო სივრცედ იქცევა, სადაც თანამედროვე ხელოვნება ორგანულად ერწყმის ურბანულ გარემოს.
ამ მრავალფეროვან კონტექსტში საკუთარი ხმა აქვს საქართველოსაც - ჩვენი დროშა "ვენეციის ბიენალეზე" პირველად 2007 წელს აფრიალდა. მას მერე, დღემდე ამ მნიშვნელოვან სახელოვნებო სცენაზე საქართველოს მონაწილეობა ყოველ ჯერზე ახალ სივრცეში და ახალი ფორმატით ხდება. ეს არის ხმა, რომელიც პატარა ქვეყნიდან ისმის მაგრამ, ძალიან ძლიერად ჟღერს მთელ მსოფლიოში.
წელს საქართველო წარმოადგენს პროექტს, რომელიც შთაგონებულია არგონავტების მითით. ისტორია, რომელიც კოლხეთს უკავშირდება და მოგვითხრობს მოგზაურობაზე, ძიებაზე და აღმოჩენაზე.
პროექტში არგონავტები აღიქმებიან არა როგორც მითიური გმირები, არამედ როგორც თანამედროვე ადამიანის სიმბოლო. ადამიანის, რომელიც მუდმივად გზაშია, ეძებს საკუთარ იდენტობას, და მოგზაურობს კულტურებსა და სივრცეებს შორის. გმირები, რომლებიც "ოქროს საწმისის" მოსაპოვებლად კოლხეთში ჩამოვიდნენ, და დღეს, ახალი მისიით ბრუნდებიან თანამედროვე ხელოვნებაში.
ეს არ არის ერთი ავტორის გამოფენა - ეს არის კოლექტიური, მრავალშრიანი ინსტალაცია, სადაც, წლევანდელი ბიენალეს ჯგუფის კურატორმა ნინო მეტრეველმა და კომისარმა შალვა ხახანაშვილმა 20-მდე არტისტი გააერთიანა.
ამ კონტექსტში საქართველო წარმოჩინდება როგორც გზაჯვარედინი - ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება, და სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთიანდება.
"ვენეციის ბიენალე" 9 მაისს ოფიციალურად გაიხსნება და 22 ნოემბრამდე გასტანს. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კი მნიშვნელოვანი დახურული ჩვენებები იმართება მოწვეული სტუმრებისთვის. ვენეციის ბიენალე, როგორც მას ხშირად თანამედროვე ხელოვნების ოლიმპიადასაც უწოდებენ, მონაწილე არტისტებისა თუ ქვეყნებისთვის ხშირად გარდამტეხი ხდება. და იქ წარდგენილი პროექტები თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებსაც განსაზღვრავს.
"ვენეციის ბიენალე" კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ხელოვნება არის გზა - გზა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ დავინახოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში.