კალიფორნიის უნივერსიტეტში მოხდარი ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ალბათ, თვით ჰიპოკრატესაც გააცოდებდა. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ დისტანციურად მართვად ჰუმანოიდ რობოტებს შეუძლიათ ცოცხალ ორგანიზმზე ნაღვლის ბუშტის ოპერაციის წარმატებით ჩატარება. მეცნიერების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მომავლისკენ, სადაც ადამიანისა და რობოტის თანამშრომლობა საოპერაციოში ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდება. ეს გარდაუვალი პერსპექტივაა.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, აღწერს პირველ შემთხვევას, როდესაც ჰუმანოიდმა რობოტებმა წარმატებით შეასრულეს ინვაზიური ოპერაციები ცოცხალ მსხვილ ძუძუმწოვრებზე.
პირველი ოპერაციის დროს ჰუმანოიდმა რობოტმა ქირურგთან ერთად ლაპაროსკოპიული მეთოდით ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა შეასრულა. მეორე ოპერაციაში კი უკვე ორი ჰუმანოიდი რობოტი თანამშრომლობდა და იგივე პროცედურა ერთად დაასრულა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების შეფასებით, ეს პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა, როდესაც ორი რობოტი მსგავსი ტიპის ქირურგიულ ოპერაციაზე ერთობლივად მუშაობდა.
რობოტები, რომლებიც ჩვეულებრივ საავადმყოფოებშიც იმუშავებენ
ტრადიციული ქირურგიული რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც სპეციალურად საოპერაციოებისთვის არის შექმნილი, UC San Diego-ს სისტემას ჰუმანოიდური კონსტრუქცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ რობოტები იმ გარემოში მუშაობენ, რომელიც ადამიანებისთვის არის მოწყობილი და დამატებითი ინფრასტრუქტურის დამონტაჟებას არ საჭიროებენ.
Surgie-ს სახელით ცნობილი რობოტები დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლისა და 27 კილოგრამის წონის არიან. მათ შეუძლიათ სტანდარტული ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენება, ხოლო ქირურგები მათ დისტანციურად, სპეციალური მართვის კონსოლის მეშვეობით აკონტროლებენ. სისტემა ექიმის ხელის მოძრაობებს რეალურ დროში ზუსტ ქმედებებად გარდაქმნის.
“ეს წინა მცდელობების შემდეგ დიდი ნაბიჯია. ჩვენ თითქმის ვიცით, როგორ განვათავსოთ ავტონომიური ქირურგიული რობოტები რეალურ გარემოში”, - განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, ჯი ვუნგ კიმმა.
რობოტისთვის რთული, მრავალსაფეხურიანი ქირურგიული ოპერაციის სწავლება ურთულესი ამოცანაა. ზუსტად უნდა იცოდე, რომელი მოქმედებები შეასრულო და სად არ უნდა მოგიხვდეს სკალპელი. შემდეგ კი ეს რობოტის კოდში უნდა ჩაწერო.
“აი, ამიტომ არის ეს ყველაფერი ასეთი რთული. როგორ უნდა დაწერო ეს კოდად?” - თქვა დოქტორმა მათიას უნბერათმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

მკვლევრების შეფასებით, ჰუმანოიდი რობოტები არსებული ქირურგიული სისტემების ჩანაცვლებას არ ისახავს მიზნად. პირიქით, ისინი მათ დამატებად განიხილება.

მათი მცირე ზომისა და გადაადგილების შესაძლებლობის გამო, მსგავსი რობოტები განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს იმ საავადმყოფოებში, სადაც დიდი რობოტული სისტემების დამონტაჟება შეუძლებელია, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების ზონებში. გარდა ოპერაციების ჩატარებისა, მომავალში მათ სხვა კლინიკური და ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაც შეეძლებათ.
პროექტზე UC San Diego-ს ინჟინრები და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ქირურგები ერთობლივად მუშაობდნენ. მათი მიზანი იყო ქირურგიული სიზუსტის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და სისტემის პრაქტიკული გამოყენების შეფასება.

თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეფციის დამადასტურებელ ექსპერიმენტს წარმოადგენს. ოპერაციები ჯერჯერობით ცხოველებზე ჩატარდა და ადამიანებზე მის გამოყენებამდე საჭირო იქნება დამატებითი კვლევები, ტექნოლოგიის გაუმჯობესება და მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი ნებართვები.
კვლევის ავტორთა თქმით, ამჟამად გამოყენებულ სპეციალიზებულ საოპერაციო რობოტულ სისტემებთან შედარებით, ჰუმანოიდ რობოტებს არაერთი უპირატესობა აქვთ: მათი წარმოება უფრო იაფია, შორეულ რეგიონებში განთავსება მარტივია, ხოლო შესასრულებელი პროცედურებისა და ამოცანების მრავალფეროვნებით ტრადიციულ სისტემებს აღემატება. ორივე ოპერაციის დროს რობოტებს სპეციალურად მომზადებული ქირურგები დისტანციურად მართავდნენ.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მომავალში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ასეთმა რობოტმა, შესაძლოა, ავტონომიური ოპერირებაც ისწავლოს.
ამ მიდგომას იმიტირებული სწავლება ეწოდება და ეს უახლესი კვლევადაფუძნებული მასზე იყო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის, აქსელ კრიგერის ხელმძღვანელობით, კიმმა და ამერიკის მასშტაბით სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა რობოტს აჩვენეს, როგორ იღებდნენ ნაღვლის ბუშტს ღორის სხეულიდან.
ამ კვლევამდე, გასულ წელს, კრიგერის გუნდმა დაამტკიცა, რომ რობოტს ქირურგიული ნემსის გამოყენება, ქსოვილის აწევა და ნაკერების დადება სწავლისთანავე შეეძლო. მიუხედავად ამისა, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა გაცილებით რთულია. ეს ოპერაცია 17 სხვადასხვა ეტაპისგან შედგება, მათ შორის, ქსოვილის ამოცნობისა და ზუსტი გაკვეთისგან.
ვიდეო გაკვეთილების ნახვის შემდეგ, რობოტმა ოპერაცია 100%-იანი სიზუსტით ჩაატარა. პროცესი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ადამიანებს სჭირდებათ ხოლმე. გარდა ამისა, რობოტი ხმოვან მითითებებზე რეაგირებდა - მაგალითად: “მარცხენა მკლავი ცოტათი მარცხნივ გაწია”.
კვლევისთვის მეცნიერებმა მოულოდნელი სიტუაციები სპეციალურად შექმნეს - შეცვალეს რობოტის მდებარეობა და ქსოვილებში საღებავით ფერები დაამატეს. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს დაბნეულობა არ გამოუწვევია და პროცესი წარმატებით დასრულდა.

ეს ტექნოლოგია, მკვლევართა შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევას მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ქირურგიული პერსონალის სიმცირეა და პაციენტებს კრიტიკულ ოპერაციებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
ჰუმანოიდ რობოტებს აქვთ პოტენციალი, შეამსუბუქონ ჯანდაცვის სქეტორზე არსებული ზეწოლა ადამიანის მსგავსი მოხერხებულობისა და ადაპტირების უნარის გამოყენებით სამედიცინო პროცედურების დასახმარებლად.

ინტერნეტწყაროები:
https://www.youtube.com/watch?v=hWMenAOgVMU
https://www.techbriefs.com/component/content/article/53098-meet-surgie-a-humanoid-robot-surgeon