02 აგვისტო 2026,   16:49
ვრცლად
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი გაიხსნა და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - მშობლებს საშუალება აქვთ შვილები სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში დაარეგისტრირონ

პირველი ზარი, ახალი ჩანთა, ჯერ კიდევ უცნობი კლასი და პირველი მასწავლებელი - ათასობით ოჯახისთვის დღეიდან სრულიად ახალი ეტაპი იწყება. პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი გაიხსნა, რომელიც წელს პირველად ტერიტორიული პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს საშუალება ეძლევათ შვილები სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში დაარეგისტრირონ. ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი - ქალაქების მიხედვით სასკოლო უბნები უკვე განსაზღვრულია.

მესამე ეტაპი 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროცესის დასრულების შემდეგ, სკოლები დოკუმენტების მიღებას 27 მაისიდან დაიწყებენ. პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი უცვლელია. აუცილებელია მოსწავლის დაბადების მოწმობა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

რეგისტრაციის პროცესი კიდევ ორ ეტაპს მოიცავს. 15 ივნისიდან საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება. მშობლებს ნებისმიერი სკოლის არჩევა შეეძლებათ, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება დარჩენილი. ხოლო დასკვნითი, მეხუთე ეტაპი, 20 ივლისს გაიხსნება, სადაც რეგისტრაციას უკვე თავად სკოლები უზრუნველყოფენ იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია ვერ მოახერხეს ან მონაცემების შეცვლა სურთ.

2026-2027 სასწავლო წელს განათლების სამინისტრო არაერთი სიახლით ხვდება. მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება. გამკაცრდა სკოლის შენობაში მობილური ტელეფონებით სარგებლობის წესიც, რაც მოსწავლეებისთვის გაჯეტების გამოყენების შეზღუდვას გულისხმობს. ტრადიციულად პირველკლასელები საჩუქრად ახალ წიგნებსა და პორტატულ კომპიუტერებს მიიღებენ.

საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ 18 თებერვალს დაიწყო. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ისინი, რომელთა და-ძმაც იმავე სკოლაში სწავლობს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები