02 აგვისტო 2026,   08:08
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობა გაიმართა.

ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა.

საზეიმო მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, პარლამენტის წევრებმა, რეგიონის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ ოჯახური ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა ქვეყნის სიძლიერის მთავარი საფუძველია, განსაკუთრებულ მადლობას უხდის დღესასწაულის დაწესებისთვის ილია II-ს, ხოლო ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს წარმატებებს უსურვებს.

"ზუგდიდიდან სრულიად საქართველოს ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს დღე განსაკუთრებულად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და იმ ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ქართული სახელმწიფო და საზოგადოება.

ოჯახი ყოველთვის იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სულიერი ცხოვრების მთავარი საყრდენი, სადაც ყალიბდება პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ის ზნეობრივი პრინციპები, რომლებიც მომავალ თაობებს განსაზღვრავს. ჩვენი 1700-წლიანი ქრისტიანული ისტორია და სახელმწიფო რელიგიის მნიშვნელობა არა მხოლოდ სულიერი მემკვიდრეობაა, არამედ ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც დღემდე აერთიანებს ქართველ ხალხს.

ამ მნიშვნელოვანი დღის დაწესებისთვის განსაკუთრებული მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომლის ღვაწლი ქართული ეკლესიის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე ისტორიული მნიშვნელობისაა. მადლობას ვუხდი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს საზეიმო ღვთისმსახურების აღსრულებისა და დალოცვისთვის. სრულიად საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს, ვუსურვებ წარმატებას ამ უმნიშვნელოვანესი, საპასუხისმგებლო და რთული მისიის ღირსეულად გაგრძელებაში.

ოჯახის სიწმინდის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა ქვეყნის სიძლიერის საფუძველი, ჩვენი საზოგადოების სტაბილური და ღირსეული მომავლის აუცილებელი წინაპირობაა." - აღნიშნავს დავით კოდუა. 

დღის ამბები