შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალების ტექნიკა - გორის ცენტრში პრემიერ-მინისტრი სპეციალურ აღჭურვილობას გაეცნო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძე გორში ვიცე-პრემიერთან და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ჩავიდა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია.
შიდა ქართლიდან ირაკლი კობახიძე გურიაში გაემგზავრა. ოზურგეთის ცენტრში ადგილობრივებს, ქალაქის სტუმრებსა და მთავრობის მეთაურს განათლების სამინისტრომ უმასპინძლა. ირაკლი კობახიძე ადგილზე შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს გაეცნო.
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, პროფესიულმა სასწავლო დაწესებულებებმა სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამხედრო ტექნიკის ჩვენება და კონცერტები.
გურიიდან პრემიერი სამეგრელოში ჩავიდა. ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უმასპინძლა. ქალაქის ცენტრში ყველა თაობის სტუმრისთვის სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი.
ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე მოეწყო კონცერტები, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები, წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა, რაც ქვეყნის ერთიანობასა და ეროვნულ ღირებულებებს გამოხატავდა.