პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს.
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში კიევს ურჩევს, ნამდვილი გმირები განადიდოს და არა ისინი, ვინც პოლონელების მკვლელობაში მონაწილეობდნენ.
"ვოლინში მოკლეს ათობით ათასი პოლონელი - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. სრულად გაანადგურეს ოჯახები და დასახლებები. ამ ტკივილის შემსუბუქება შეუძლებელია. გენოციდი გენოციდად რჩება. გადახედეთ გადაწყვეტილებას, გამონახეთ გზა ვითარების მოსაგვარებლად. ეს სიმწიფის, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის ნიშანი იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკრაინის გვერდით იდგნენ ყველაზე რთულ მომენტში. პოლონეთი უკრაინის მხარეს დარჩება რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა ნამდვილი მეგობრობა სიმართლეს მოითხოვს. სიმართლე კი ასეთია: პოლონელებისთვის "უკრაინის მეამბოხე არმიის" განდიდება მიუღებელია", - აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს "უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების" სახელი მიანიჭა. ოფიციალური ვარშავა მიიჩნევს, რომ "უკრაინის მეამბოხე არმია" ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.