12 ივნისი 2026,   17:44
ვრცლად
აშშ და ირანი შეთანხმებას უახლოვდებიან - ხელმოწერა შესაძლოა G7-ის სამიტის დაწყებამდე შედგეს

აშშ-მა და ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი მომავალ კვირას, "დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტის კულუარებში მოაწერონ, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

G7-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირისა და არაწევრი ქვეყნის დიპლომატის ცნობით შეთანხმების მიღწევა სრულიად რეალურია.

წელს დიდი შვიდეულის სამიტი 15-დან 17 ივნისამდე საფრანგეთში, ევაინში იმართება. ხელმოწერის პოტენციურ ადგილად ჟენევა განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ხელმოწერის ცერემონიაზე მას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი წარადგენენ.

დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს აშშ-ისა და ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ ორი თვით გახანგრძლივებას და ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამაზე შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებას.

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, აშშ ირანის პორტების ბლოკადას მოხსნის.

როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს იმ ომის დასრულებას, რომელმაც თებერვლის ბოლოდან მოყოლებული ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვია, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. საბრძოლო მოქმედებებმა გლობალური ინფლაციაც გაზარდა.

ევროპელი მაღალჩინოსნის განმარტებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გამწვავდა, ხამენეი საზოგადოებაში არ გამოჩენილა, მთავარ შუამავლებს - ყატარსა და პაკისტანს კი მასთან კომუნიკაციისთვის ხშირად რამდენიმე დღე სჭირდებათ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით "საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მივსულვართ", თუმცა აღნიშნა, რომ პროგრესი შეინიშნება.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ დოკუმენტის პროექტი "თითქმის დასრულებულია და ირანის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების საბოლოო ვერდიქტს ელოდება".

ტრამპმა განაცხადა, რომ კომერციულ გემებს სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უფლება ექნებათ, სადაც ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების ერთი მეხუთედი გადის.
ირანს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია - თეირანი მოითხოვდა ნავიგაციაზე კონტროლის შენარჩუნებას.

როგორც მედია ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მიზნად ისახავენ შეთანხმების ხელმოწერიდან დაახლოებით ერთ თვეში წყლის ამ მნიშვნელოვან ნაწილზე ტვირთბრუნვის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. 

მედიის ცნობით, კონფლიქტის დაწყებამდე ამ სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 140 გემი მოძრაობდა. შემდეგ ირანმა სრუტე პრაქტიკულად ჩაკეტა, ბოლო კვირებში გემების რაოდენობა ოდნავ გაიზარდა, თუმცა ომამდელ მაჩვენებელს მაინც ბევრად ჩამორჩება.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ჯერჯერობით საჯარო არ არის.

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს უცხოურ ბანკებში დაბლოკილი 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ირანული ფონდების გათავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ ტრამპი მანამდე თეირანისთვის თანხების განბლოკვის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

დღის ამბები