პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ "National Interest"-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ავტორები აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ საქართველოსთან ურთიერთობები არ გადატვირთონ და ურთიერთობის ნორმალიზებისგან თავი შეიკავონ, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება მაშინ, როცა ოპოზიცია საპირისპირო პოლიტიკას ატარებს.
პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციის ლიდერს "გამზადებულ ვასალს" უწოდებს, რომელიც საკუთარ თავს სხვადასხვა ქვეყანას უცხოური ინტერესების მოსამსახურებლად სთავაზობს.
"საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. თავად ასეთი ფორმულირება და მიდგომა საკუთარი ქვეყნის მიმართ ნიკა გვარამიას მხრიდან აჩვენებს, რომ ეს ადამიანი არის გამზადებული ვასალი, რომელიც საკუთარ თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მოემსახუროს მათ ინტერესებს. რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ საქართველო ვისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს თუ არ მოქმედებს? პირველ რიგში, საქართველო უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ვინმეს თუ სხვა უნდა, უნდა მოიყვანონ "ნაცები" ხელისუფლებაში და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხების ინტერესებს.
მანამ, სანამ "ქართული ოცნებაა" საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები და ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა. ეს არის ის, როგორც ჩვენ გვესახება და როგორც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან ვიღებთ სიგნალებს, თუ როგორ ყალიბდება ალიანსები, რომ ყველა ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, აცხადებს, თუ რა არის მისი ეროვნული ინტერესი და შემდგომ ორი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით ეძიებს, თუ სად არის საერთო ინტერესები. ეს არის ზუსტად რასაც სთავაზობს საქართველო ყველა ქვეყანას ურთიერთობაში და არა დაქვემდებარებას, გამოკითხვას, ვის რა უნდა საქართველოდან და შემდეგ მენიუსავით შეთავაზებას საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესებისა სხვებისთვის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი სტატიის შესახებ, რომელიც მან ნიკოლოზ ჩხაიძესთან ერთად დაწერა.
სტატიაში ამტკიცებენ, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა ვაშინგტონმა "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობის ნორმალიზება არ უნდა მოახდინოს, რადგან, მათი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან "გადატვირთვა" ფასადურია. მმართველ გუნდში ამ ნაბიჯს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.