12 ივნისი 2026,   18:58
ვრცლად
უვიზო მიმოსვლის საკითხზე პოლიტიკური თემები შემოაქვთ, რაც თავისთავად აჩვენებს ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის საკითხზე, ბრიუსელს საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური თემები შემოაქვს რა ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს.

შალვა პაპუაშვილმა მოლოდინებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან არაკვალიფიციურად იქცევა და იმედს იტოვებს, რომ ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომელიც მხოლოდ ევროკავშირს დააზიანებს.

"რაც მოვისმინეთ იყო, რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე იყო განხილვა ტექნიკური საკითხების. ჩვენ ვატყობთ, რომ პოლიტიკური თემები შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც თავისთავად აჩვენებს ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას. ყველას შევახსენებ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის დააწესა სავიზო მოთხოვნები. ამით დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ამ მხრივ, ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მაშინ, როდესაც სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებს. შემდეგ ეს დარღვევა რაღაცნაირად დაეფარათ, მიიღეს სპეციალური რეგულაციები საქართველოზე მორგებული, გადაუხვიეს ყველანაირ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას.

სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომლებსაც ავრცელებენ მხოლოდ საქართველოზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ ნებისმიერი რამე მოგვთხოვონ ე.წ. დემოკრატიული განვითარების სოუსით. შეუძლიათ აბსოლუტურად ყველაფერი გამოიგონონ, გვითხრან რა კანონი მივიღოთ ან არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე დავუდგეთ თუ მარჯვენაზე და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადამდეც ბრიუსელმა მიიყვანა ევროკავშირი - საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია ევროკავშირი.

უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფერში ჩვენ ვხედავთ, რამდენად არაკვალიფიციურად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია და ეს არაკვალიფიციურობა ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ საბოლოო ჯამში, თავადვე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ. აქამდე რაც გააკეთეს, დაიზიანეს მხოლოდ საკუთარი თავი, დააზიანეს მხოლოდ ევროკავშირი, დააზიანეს მხოლოდ ნდობა ევროკავშირის მიმართ. ასე რომ, თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ ეს გააკეთონ. მაგრამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები