15 ივნისი 2026,   18:34
ვრცლად
შოთა თუთბერიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს, რომელიც გახლავთ სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირი, აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულებები შეფასდა - შსს-ს იურისტი სალომე ქირია

სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნინო წილოსანის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.

პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სამართალდარღვევის ოქმი შედგა დეპუტატის საჯარო პოსტზე შოთა თუთბერიძის მხრიდან დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი სალომე ქირია აცხადებს, რომ შოთა თუთბერიძესთან დაკავშირებით, შეფასდა უშუალოდ მტკიცებულებები. მისივე თქმით, თუთბერიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს, რომელიც გახლავთ სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირი:

"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბატონი შოთას მისამართით მოთხოვნა გვქონდა, რომ გამოყენებულიყო მის მიმართ სახდელის სახით ჯარიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასდა უშუალოდ მტკიცებულებები, კუმულაციურად დადასტურდა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ნიშნების არსებობა. მან შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს, რომელიც გახლავთ სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირი. აღნიშნული შეურაცხყოფის მიყენება მოხდა სოციალურ ქსელში, საჯაროდ. შესაბამისად, მის მიმართ ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სამმართველო და ჯგუფი, პროაქტიულად მუშაობს. ამ შემთხვევაში, მოქალაქეს, ნებისმიერ პირს და მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიციელს თუ საჯარო მოხელეს აქვს უფლება მიმართოს განცხადებით აღნიშნულ სამმართველოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უშუალოდ იმ პოლიციელებმა, რომლებიც ამ სამმართველოს შემადგენლობაში არიან, პროაქტიულად იმუშაონ, თავად გამოავლინონ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტები, ჩაატარონ ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მიიღონ გადაწყვეტილება," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი სალომე ქირია. 

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ, მუშაობა პირველი ივნისიდან დაიწყო. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგია. 

დღის ამბები