16 ივნისი 2026,   13:35
ვრცლად
ქვეყანამ ამოიღო ხმა უცხოური გავლენების წინააღმდეგ - ნინო წილოსანი რუმინეთის სენატის მიერ NGO-ების გამჭვირვალობის კანონპროექტის მხარდაჭერაზე

რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს.

ახალი რეგულაციით, სექტორმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს დეკლარაცია ყველა შემოსავლისა და 5 000 ლეუზე მეტი დონაციის წყაროს მითითებით. აღნიშნული თანხა დაახლოებით 1 100 დოლარის ეკვივალენტია. ვალდებულების შეუსრულებლობა თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, საბოლოოდ კი მის გაუქმებას გამოიწვევს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ რუმინეთმა უცხოურ გავლენებზე ხმა ამოიღო. 

"მივესალმებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან პირველი მოსმენით კანონმდებლობის მიღებას, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალობას და ფონდების აუცილებელ დეკლარირებას, თუმცა, ამავე დროს, გვახსენდება, რომ სწორედ ევროკავშირის პოლიტიკოსების და ბიუროკრატიის მხრიდან საქართველო იყო დიდი კრიტიკის ობიექტი, როდესაც ჩვენ გამჭვირვალობაზე ვსაუბრობდით. 

როდესაც ამ კანონს ვიღებდით ჩვენ არა მხოლოდ ქართულ მოცემულობაზე, არამედ მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული პრინციპების დაცვა გინდა, უცხოური გავლენები, რომლებიც დიდძალი ფონდების ენჯეოსექტორში აკუმულირებით კონკრეტულ გავლენებს ახორციელებენ შენს პოლიტიკაზე, არის მიუღებელი ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში კი რუმინეთის მაგალითზე ვხედავთ, რომ ქვეყანამ ამოიღო ხმა უცხოური გავლენების წინააღმდეგ," - აცხადებს ნინო წილოსანი. 

საკანონმდებლო ცვლილებას მხარი 75-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის როგორც სამთავრობო კოალიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კანონპროექტი განსახილველად დეპუტატთა პალატას გადაეცა.

 

დღის ამბები