"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ბორდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით - "რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში". ვარლამ ლიპარტელიანი ქალაქ შუშაში აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით იმყოფებოდა.
"უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამოვიდა, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მე დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას,“ - აცხადებს "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.
ვიზიტის შესახებ ისაუბრა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
"მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველო დღესაც კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციისა და განვითარების მიმართულებით. თუმცაღა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიზანი არის ერთადერთი და უმთავრესი, და ეს გახლავთ ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და ასევე, ძალიან ღირსეული საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის," - აცხადებს მარიამ გრიგოლიშვილი.