სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდი ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კოტეჯის აშენებით დაინტერესებულ პირს ფიქტიური ხელშეკრულება გაუფორმა და დაჰპირდა, რომ 17 900 აშშ დოლარად ხის კოტეჯს აუშენებდა. ბრალდებულმა დაზარალებულს საწყის ეტაპზე 30 000 ლარი გადაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.