დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1ჰა ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად გამწვანდება, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, პროექტის ფარგლებში, არსებული ფრენბურთის მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება, სკვერი კი აღიჭურვება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით. მოეწყობა საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები ტრენაჟორებით.
ახალი რეკრეაციული სივრცე ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი შალვა პერანიძე გაეცნენ. ისინი მოსახლეობასაც შეხვდნენ და მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრეს.