„ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად მზარდია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს მაღალხარისხიანი. ყველა კატეგორიის ღვინო უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებით მკაფიოდ გაწერილ მოთხოვნებს, რომ ღვინოს არ უნდა ჰქონდეს ზადი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრის დროს.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ცვლილებით, სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა.
ლევან მეხუზლას განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება ეტაპობრივად განხორციელდა.
„სადეგუსტაციო კომისია საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და ამ დროიდან სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება ყველა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. 2017 წლიდან, სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინოც. კანონში შესული ბოლო ცვლილებებით, ფაქტობრივად ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ექვემდებარება ყველა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა. ეს გამონაკლისი დაკავშირებულია ბუნებრივი ღვინის დამზადების ტექნოლოგიასთან, რადგან ვიცით, რომ ბუნებრივი ღვინო, თავისი დაყენების მეთოდიდან გამომდინარე, განსხვავებულია სხვა ღვინოებისგან“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ღვინის მწარმოებლებს დეგუსტაციის პროცესში არ შეექმნებათ შეფერხება.
„კომისიის შემადგენლობაში 60-ზე მეტი პროფესიონალი დეგუსტატორია. მათი უმრავლესობა მოქმედი მეღვინეა სხვადასხვა კომპანიიდან, ასევე არიან სომელიეები, ღვინის ლაბორატორიების თანამშრომლები. ყოველ კონკრეტულ დეგუსტაციაში 5 დეგუსტატორი მონაწილეობს“,- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.