18 ივნისი 2026,   00:39
ვრცლად
მუშაობის მე-17 დღე და სასამართლოებისთვის წარდგენილი 60-მდე საქმე - ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ გია კაჭკაჭურს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მუშაობის მე-17 დღე და სასამართლოებისთვის წარდგენილი 60-მდე საქმე - "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სავარაუდო კანონდარღვევის მორიგი საქმე განიხილა. საუბარია საჯარო სივრცეში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის, შეურაცხყოფის ფაქტზე.

სიძულვილის ენის გამომხატველი კომენტარის ავტორი, გია კაჭკაჭური, მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამმართველოს იურისტის განმარტებით, დეპარტამენტის თანამშრომლები შექმნის დღიდანვე აქტიურ მონიტორინგს უწევენ საჯარო სივრცეში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რაც კანონდარღვევაა.

ლევან სანიკიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს, თუმცა, როდესაც საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ეხება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქის მიმართვის გარეშეც უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს მასზე რეაგირება. რეაგირება მყისიერი იყო, თუმცა შეურაცხყოფის ადრესატი უკმაყოფილოა.

"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველოს მიზანი არა რომელიმე პოლიტიკოსის დაცვა, არამედ საჯარო სივრცეში ადამიანის ღირსების შემლახავი და აგრესიული კამპანიის აღკვეთაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ან ვისი მხარდამჭერი არღვევს კანონს, რადგან ნებისმიერ სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად უკვე ცნო ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დეპუტატ ნინო წილოსანს მიაყენა. ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა გვარამიას, შეურაცხყოფისთვის კი 2000-ლარიანი ჯარიმა გიორგი გედენიძეს დაეკისრა.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები