19 ივნისი 2026,   10:09
ვრცლად
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისგან არის სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის ინტერესი - ლევან მახაშვილი

ქართულმა დელეგაციამ ბელგიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეებმა შეხვედრები გამართეს - ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ქვედა პალატის წევრთან. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მიმდინარე შეხვედრების შესახებ მედიასთან ისაუბრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას საქართველოსთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის ინტერესი აქვს.

"ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისგან არის სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის ინტერესი. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. ამ ტიპის ვიზიტები სწორედ ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად მოვუსმინოთ ერთმანეთს, შევეცადოთ პოლიტიკური დიალოგისთვის მხარდაჭერის მოპოვება. დანარჩენს შემდგომი ნაბიჯები აჩვენებს. იმედი გვაქვს, რომ საერთო ჯამში საღი აზრი გაიმარჯვებს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები