ლობსტერები, ხიზილალა, ტრიუფელით მომზადებული ქათამი და შოკოლადის ტარტი... ვერსალის სარკეებიან დარბაზში, საზეიმო ვახშმის მაგიდაზე, ფრანგული რეგიონული სამზარეულოს კერძების გარდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის დოკუმენტიც დაუდეს. ოცდაათამდე სახელმწიფოს ლიდერის და დიპლომატის თანდასწრებით, დონალდ ტრამპმა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პარალელურად, თეირანში, მემორანდუმის სპარსულ ვერსიას დისტანციურად მოაწერა ხელი ირანის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც შეთანხმება ოფიციალურად ამოქმედდა. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროცესის ამსახველი ფოტომასალაც გაასაჯაროვა. საერთაშორისო მედია წერს, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ისა და ირანის ლიდერებმა ერთობლივი აქტი გააფორმეს.
მალევე, მემორანდუმის ტექსტის ოფიციალური ვერსიაც გამოქვეყნდა. ჩარჩო შეთანხმება მხარეებს შორის 60 დღიან ცეცხლის შეწყვეტას აწესებს და ჰორმუზის სრუტეს ნაოსნობისთვის ხსნის. სხვა პირობებთან ერთად, ვაშინგტონი თეირანს ნავთობის ექსპორტის დაუყოვნებლივ განახლებას და 300 მილიარდიან კერძო საინვესტიციო ფონდზე წვდომას დაჰპირდა. სანაცვლოდ, ისლამური რესპუბლიკა ვალდებულებას იღებს, საბოლოოდ თქვას უარი ბირთვული იარაღის შექმნაზე და მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში გემების თავისუფალი ტრანზიტი უზრუნველყოს.
ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შეთანხმების მიხედვით ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს შეინარჩუნებს და ენერგეტიკული დერეფნის გავლით მოძრავ გემებს, უსაფრთხო ნავიგაციისთვის, მომსახურების საფასურს გადაახდევინებს. თუმცა, მემორანდუმის მეხუთე პუნქტში აღნიშნულია, რომ თეირანს სრუტის მართვის საკითხზე სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკება მოუწევს.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებაზე სამუშაოდ ირანელი და ამერიკელი დიპლომატები ერთმანეთის პირისპირ ხვალ ჟენევაში დასხდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში ჩავა შტატების მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ისლამურ რესპუბლიკას კი ირანის მეჯლისის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი წარადგენს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე