"ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე დინამიკა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან. მისი შეფასებით, სწორედ ამ კონტექსტში მოხდა თემის ხელახალი აქტუალიზაცია, თუმცა გაფართოების პროცესი წლების განმავლობაში ნელი ტემპით ვითარდებოდა და ხელშესახები პროგრესი არ არსებობდა.
"ათწლეულები იცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან ამ პროცესში, თურქეთი ძალიან ბევრია ათწლეულია, პროცესშია, თუმცა პროგრესი გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირს არ განუცდია უკვე ასევე ათწლეულია, უფრო მეტიც და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო ამ თემაზე საუბრის დაწყების ახალი გამომწვევი. თუმცა რა შედეგებამდე მივალთ, იქნება თუ არა ევროკავშირის გაფართოება რეალობა, რა ფორმებით, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია. იცით, რომ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ამ თემებზე, რა უნდა იყოს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, როგორ უნდა იყოს წესები გაფართოების, რაც თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.