23 ივნისი 2026,   17:41
ვრცლად
ბელგიის ხელისუფლებამ მიგრაციის, საშინაო საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის დაკავების ორდერი გასცა

ბელგიის ხელისუფლებამ მიგრაციის, საშინაო საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის დაკავების ორდერი გასცა. გამოცემა "პოლიტიკო" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიმიტრის ავრამოპულოსს კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, მან თანხები იმ არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო, რომელიც "კატარგეიტის" კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, სამართალდამცავებმა ავრამოპულოსი დაკითხვაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა. თავად ავრამოპულოსი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ბელგიის ხელისუფლების ქმედებებს საკითხის ხელახლა აქტუალიზების დაუსაბუთებელ მცდელობად აფასებს.

როგორც მედია წერს, დაკავების ორდერის აღსასრულებლად აუცილებელია საბერძნეთის პარლამენტმა ავრამოპულოსს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნას.

ცნობილია, რომ "კატარგეიტის" საქმის ფარგლებში ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში ედებათ ბრალი.

დღის ამბები