23 ივნისი 2026,   15:03
ვრცლად
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

"რუსთავის მერიის გუნდი ქალაქის ურბანულ განვითარებას ორი ძირითადი მიმართულებით ვახორციელებთ. საქართველოს მთავრობის ძალიან დიდი თანადგომით, დაწყებული გვაქვს ძველი რუსთავის რესტავრაცია, სადაც ისტორიული ქალაქის არქიტექტურულ ავთენტურობას ვინარჩუნებთ. ახალ რუსთავში, კი გამაგრება-რეაბილიტაციასთან ერთად, შენობებს თანამედროვე იერ-სახეს ვაძლევთ. მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაიზრდება ამ საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციის ვადა და მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. პროექტის მიხედვით, სამივე საცხოვრებელი შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, აივნებზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება.

შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინერები. N10 კორპუსის საძირკველს უტარდება გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებიც. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 146 674 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღის ამბები