23 ივნისი 2026,   14:03
ვრცლად
საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე  თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა. სხდომის ფარგლებში ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული ბიუჯეტირების საკითხები განიხილეს.

საბჭოს სხდომაზე  პრეზენტაციები წარმოადგინეს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის ოფიცერმა ნინო დავითაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტებმა შოთა მურღულიამ და ნინო ზურაბიშვილმა.  პრეზენტაციებში განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა დათმობილი  ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიას, რომელიც მუნიციპალურ დონეზე ბავშვთან დაკავშირებული ხარჯების იდენტიფიცირებას, კლასიფიკაციასა და ანალიზს ითვალისწინებს.

მონაწილეებმა იმსჯელეს UNICEF-ის ბავშვის უფლებათა ბიუჯეტირების ჩარჩოზე, ბავშვის უფლებათა კონვენციასთან მის კავშირზე და იმ პრაქტიკულ პრინციპებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ეხმარება ბიუჯეტში უკეთ წარმოაჩინონ ბავშვების საჭიროებები, მათზე მიმართული რესურსები და მიღწეული შედეგები.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი ინტერესების გათვალისწინება და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა. 

"დღეს საბჭოს სხდომაზე იუნისეფის წარმომადგენლებმა ქალთა და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. საბჭოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსგავსი გამოცდილების გაზიარება, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, იუნისეფთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მექანიზმების გაძლიერებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებას", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა,  საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.    

დღის ამბები