სავარაუდოდ, დღეს უნდა დამტკიცდეს კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს. ცვლილებაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს.
ახალი წესით, მცირე და საშუალო სიჩქარით გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმები განახევრდება და მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა, ძალაში რჩება ყველაზე მკაცრი სანქცია სიჩქარის განსაკუთრებით დიდი გადაჭარბებისთვის.
"საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არის წარმოდგენილი, გულისხმობს იმას, რომ ჯარიმები, რომელიც არსებობდა შემცირდეს და გაუადვილდეს ყოველდღიური ყოფა ჩვენს მოქალაქეებს. აქ გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ის საკითხი, რომელიც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს უსაფრთხოება საგზაო მოძრაობის წესების კუთხით და მეორე მხრივ, ჰქონდეთ გარკვეული შეღავათი მოქალაქეებს," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.