24 ივნისი 2026,   15:47
ვრცლად
კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

150 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს მოზარდებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.

ახალი კომპლექსი უნდა მოიცავდეს საცხოვრებელ ოთახებს- სანიტარულ-ჰიგიენური სივრცითა და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული პირობებით. ასევე უნდა დაიგეგმოს საერთო მოსასვენებელი და სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები, ფსიქოლოგისა და სამედიცინო მომსახურების სივრცეები, სპორტული ოთახი და სრულად აღჭურვილი სასადილო-სამზარეულოთი და შესაბამისი სათავსოებით.

პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთვება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ახალი კომპლექსი გააუმჯობესებს კომაროვის სკოლის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და მოსწავლეთა ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას.

დღის ამბები