"ევროკავშირის გაფართოება ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის გეოსტრატეგიული ინვესტიციაა", - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მატიე ბუსკემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი ობიექტური რეფორმების გზით, დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, ხოლო თავად ევროკავშირმა უნდა დაიწყოს მზადება 28-ზე მეტი წევრისგან შემდგარი გაერთიანებისთვის.
მატიე ბუსკე ევროკავშირის გაფართოების წარმატების სამ მთავარ პირობას ასახელებს: პროცესის სანდოობასა და დამსახურებაზე დაფუძნებას, რეფორმების პროცესში საზოგადოების ჩართულობას და თავად ევროკავშირის მზადყოფნას გაფართოებისთვის.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას მიეძღვნა, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, მატიე ბუსკე, სიტყვით გამოვიდა.
"გეოპოლიტიკური გამოწვევების ზრდისა და მზარდი გაურკვევლობის პირობებში, ევროკავშირსა და მის მეზობლებს სჭირდებათ სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორები, რომლებსაც საერთო ინტერესები, საერთო ღირებულებები და საერთო მომავალი აკავშირებთ.
თუმცა, ეს მხოლოდ აბსტრაქტული მისწრაფება არ არის - ეს არის რეალობა, რომლის განხორციელებასაც ორივე მხარე აქტიურად ცდილობს. ევროკავშირის გაფართოება ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გეოსტრატეგიული ინვესტიციაა. ეს ნიშნავს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპის მშენებლობას.
მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, ჩვენი გაფართოების პარტნიორების ევროკავშირთან დაახლოება ჩვენს აშკარა სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს იზიარებენ, ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან. მათი წევრობის გზის მხარდაჭერით, ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, განვამტკიცებთ მშვიდობას და ვქმნით სტაბილურობისა და შესაძლებლობების უფრო ფართო სივრცეს. გაფართოება ევროპას უფრო მდგრადს, უფრო გავლენიანს და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის უკეთ მომზადებულს ხდის.
პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გაწევრიანების პროცესი დარჩეს სანდო და დამსახურებაზე დაფუძნებული. პროგრესი უნდა იყოს - და არის კიდეც - დამოკიდებული რეფორმების ობიექტურ განხორციელებაზე. სწორედ ამ პრინციპმა გახადა შესაძლებელი გაფართოების პროცესში დღემდე მიღწეული წინსვლა.
მეორე, გაფართოება უნდა იქცეს მთელი საზოგადოების პროექტად - საერთო ძალისხმევად, რომელშიც ყველა მონაწილეობს. ეს პროცესი წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავრობები, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლებები და მოქალაქეები ერთობლივად იმუშავებენ აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და შენარჩუნებაზე.
ამ პროცესში ევროპარლამენტსა და ეროვნულ პარლამენტებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. ისინი, როგორც ხალხის წარმომადგენლები, უზრუნველყოფენ, რომ მოქალაქეების შეხედულებები და შეშფოთებები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით სათანადოდ იყოს გათვალისწინებული. ისინი, როგორც დამაკავშირებელი ხიდი მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს შორის, უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და ინფორმირებულ საჯარო დებატებს იმ შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ, რომლებიც გაფართოებას მოაქვს. ეს დემოკრატიული დიალოგი და ღია საჯარო დისკურსი ევროკავშირის წარმატებული გაფართოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
მესამე, თავად ევროკავშირი უნდა მოემზადოს 28-ზე მეტი წევრისგან შემდგარი კავშირისთვის", - განაცხადა მატიე ბუსკემ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე