"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კრიზისი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის, კიდევ უფრო გამწვავდება.
პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღიად დააანონსა, რასაც პარტიაში არაერთგვაროვნად უყურებენ. "ნაციონალების" ნაწილი პრიორიტეტად პარტიაში მართვის სისტემის ცვლილებას ასახელებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის გადასაწყვეტი არ არის, დატოვებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ კოალიციას.
"ალიანსში შესვლას რაც შეეხება, ნანუკას ექსკლუზივი არ არის - ვიყავით ადამიანები, რომლებსაც შესვლა არ გვინდოდა და ეს საჯაროდ ვთქვი. ალიანში შესვლის წინააღმდეგ მივეცი მეც ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გამოვიდეთ - გამოვალთ თუ არ გამოვალთ, ეს პოლიტსაბჭოს მისაღები გადაწყვეტილებაა.
მესმის, რომ ნანუკა პოლიტიკოსი არ არის და მესმის, რომ შეიძლება ყველაფერი ისეთი ფორმულირებით არ გამოუვიდეს, როგორიც უნდა თქვას, მაგრამ ამ პარტიაში უთავმოყვარეო ადამიანები არ არიან, არამედ ამ პარტიაში არიან ყველაზე გაუტეხელი ადამიანები", - განაცხადა ანა წითლიძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში საუბრის დროს.